ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტაქსის მძღოლები გადასახადს არ გადაიხდიან: რა ეღირება ლიცენზია და როგორი იქნება ჯარიმა

ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიკრომეწარმეებად დარეგისტრირდნენ. მთავრობის გადაწყვეტილებით,,ცვლილებები შევიდა „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში, რომლის თანახმად, ლიცენზირებადი საქმიანობებით დაკავებული პირები მიკრომეწარმეებად დარეგისტრირებას შეძლებენ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნიკოლოზ გაგუას განმარტებით, ამ ცვლილებების შედეგად ტაქსის მძღოლებს არ ექნებათ არანაირი საგადასახადო და სალარო აპარტის ქონის ვალდებულება.
„ტაქსის მძღოლებს, შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ ე.წ. მიკრომეწარმეებად. მათ არანაირი საგადასახადო ვალდებულება არ ექნებათ,  არ ექნებათ სალარო აპარტის ქონის ვალდებულებაც, მათი საქმიანობა გათავისუფლებული იქნება ყველა გადასახადისგან. ეს ცვლილება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ასეთი ტიპის პირებს გარკვეული შეზღუდვები არ შეექმნათ სესხზე წვდომასთან დაკავშირებით. ამ პირებს საშუალება ექნებათ მოახდინონ თავიანთი შემოსავლის დეკლარილება, ამავდროულად გადასახადები არ გადაიხადონ. ტაქსის მძღოლებისთვის მიკრომეწარმეებად დარეგისტრირება იქნება ნებაყოფლობითი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს საგადასახადო რეჟიმი მათთვის მიმზიდველი იქნება“, – განაცხადა გაგუამ.
როგორც ცნობილია, 2018 წლის 1 ოქტომბრიდან თბილისში ტაქსების სავალდებულო ლიცენზირება იწყება.ახალი წესის მიხედვით, ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციის გავლა და ავტომობილში სპეციალური საინფორმაციო ტაბლოს განთავსების მოუწევთ. ტაბლოზე მითითებული იქნება მძღოლის ვინაობა და ასევე მისი ტელეფონის ნომერი.
ლიცენზირების საფასური,  ჰიბრიდული ავტომობილებისთვის 50 ლარი, ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100 ლარი, ხოლო ელექტრონული ავტომობილებისთვის უფასო იქნება.
ის მძღოლები, რომლებიც ულიცენზიოდ “იტაქსავებენ” 200 ლარით დაჯარიმდებიან. ტაქსების კონტროლზე პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება.

city.kvira.ge

 

იტვირთბა....