საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, განახლებული მთავრობის კაბინეტის წარდგენიისას განაცხადა, რომ ფინანსთა მინისტრის პოსტს, ივანე მაჭავარიანი დაიკავებს.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ფინანსთა ახლადარჩეული მინისტრი ახალი ტექნოლოგიების კუთხით თვალსაჩინოა და ის წლების განმავლობაში კომპანია „ჯეოსელის“ ფინანსური და კომერციული დირექტორი იყო.
„ის წლების განმავლობაში მუშაობდა „თელიასონერას“ ჯგუფში შემავალ კომპანია „ჯეოსელში“. ის ამ კომპანიაში წლების განმავლობაში გახლდათ ფინანსური და კომერციული დირექტორი. ჩვენი რეფორმების დიდი ნაწილი დაკავშირებულია ციფრულ ეკონომიკასთან და იმ რეფორმათა პაკეტის 50%, რომელიც მე წარვადგინე, საჭიროებს თანამედროვე ტექნოლოგიების დარეგვას. ვანო მაჭავარიანის გამოცდილება ამ კუთხით არის მართლაც თვალსაჩინო. ის გახლავთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ადამიანი. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ ის მაქსიმალურად დაგვეხმარება ჩვენი ეკონომიკის ციფრულ ტრანსფორმაციაში. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი პროგნოზის მიხედვით 1%-დან 1.5%-მდე ზრდა უნდა უზრუნველყოს სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ. შესაბამისად, ეს გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულება,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.