გამოცემა Le Soir წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, რომელიც გუშინ საღამოს ბრიუსელში ჩავიდა, ბელგიის ხელისუფლების არც ერთი უმაღლესი პირი არ დახვდა.
დონალდ ტრამპი მეუღლე მელანიასთან ერთად ბელგიაში ადგილობრივი დროით 20:50 საათზე ჩაფრინდა, როდესაც რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში ბელგიის ნაკრები საფრანგეთის ნაკრებს ხვდებოდა.
ბელგიის მეფე ფილიპე და საგარეო საქმეთა მინისტრი დიდიე რეინდერსი სანქტ-პეტერბურგში იმყოფებოდნენ და საფეხბურთო მატჩს თვალყურს სტადიონიდან ადევნებდნენ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი კი, ფეხბურთს ნაკრების ერთ-ერთი წევრის ედენ აზარის მშობლური ქალაქის ბრენ-ლე-კონტის ფანზონაში, გულშემატკივრებთან უყურებდა.
აშშ-ს პრეზიდენტს აეროპორტში საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის ხელმძღვანელი ფრანსუაზა გიუსტენი დახვდა.
Le Soir-ის ინფორმაციით, ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების ლიდერების დახვედრაც ანალოგიურ დონეზე გაიმართება.