ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე პასუხისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები აღიარებენ იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს.
მისივე განმარტებით, სამიტის ფარგლებში ხაზგასმული იქნება ყველა ის რეფორმა, რომელიც მიმართულია თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე.
„ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას. ჩვენ ასევე მადლობელი ვართ საქართველოსი იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ნატო-ს უწევს საერთაშორისო მისიებში და ოპერაციებში. საქართველოს ნამდვილად კარგი პროგრესი აქვს. რაც შეეხება საქართველოს გაწევრიანებას ალიანსში, კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ, მაგრამ ის ფაქტი, რომ მონტენეგრო ნატო-ს წევრი გახდა, ხოლო მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს ვიწყებთ, იმაზე მეტყველებს, რომ ნატო-ს კარები ღიაა. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები დაადასტურებენ კვლავ 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.