თბილისის საქალაქო სასამართლოში თემქაზე მოკლული ქალის, ანა ნაცვლიშვილის მამა იკითხება. მან ისაუბრა მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილზე, რომელიც ანა ნაცვლიშვილის შეყვარებული იყო. როგორც ნაცვლიშვილმა განმარტა, მის შვილს და გრიგალაშვილს ერთმანეთი 14 წლიდან უყვარდათ და შეყვარებულები იყვნენ 7 წლის განმავლობაში.
“ერთი პერიოდი დაშორებულები იყვნენ. ბრალდებული იყო ძალიან მექალთანე, ალბათ, ღალატობდა და ამის გამო დაშორდა. 2 წლის მერე მითხრა, შევრიგდითო ჩემმა ქალიშვილმა. მკვლელობამდე ჩემი შვილისთვის არაფერი შემიმჩნევია, რომ ვინმეზე ნაწყენი ან გაბრაზებული ყოფილიყო”,- განაცხადა მოკლულის მამამ.
მან გაიხსენა ის დღეც, როდესაც შვილის გაუჩინარების შესახებ გაიგო. როგორც ნაცვლიშვილი ყვება, გრიგალაშვილი მისთვის კვალის არევას ცდილობდა.
“დილის 8-ის ნახევარზე მეუღლემ გამაღვიძა ანა სახლში არ არისო, უცებ ვიფიქრე გაიპარა, ბრალდებულს გაყვა ცოლად-მეთქი. მეუღლემ მითხრა არა, ისიც აქაა, ანერვიულებული ეძებსო. ვიფიქრე, დაქალთან დაბადების დღის მისალოცად ხომ არ გავიდაო. ბრალდებული გაპრანჭული დამხვდა, მე ნერვიულობისგან პირიც ვერ დავიბანე. ჯერ არაფერი ეტყობოდა, ირონიულად იყურებოდა, ხელთათმანიანი ხელი ჩამომართვა.
5 საათამდე ვემესიჯებოდი, პასუხი რომ არ გამცა, ვინერვიულეო. ჩემი კორპუსის წინ გზა ქალაქისკენ გადის, ზღვით წავიდეთო, მითხრა ბრალდებულმა. იმ გზით რომ ჩავსულიყავი სადაც ჩემი შვილის გვამი იპოვეს, შეიძლება ცხედარი არ დამენახა, მაგრამ ხალხის ჩოჩქოლს ვნახავდი, ამიტომ ზღვით წამიყვანა.
აქ სადმე კამერები იქნება, ვნახოთ-მეთქი ვუთხარი ბრალდებულს. კამერები არ მუშაობსო მითხრა, ამ წვრილმანებზე მერე გავამახვილე ყურადღება. როგორ იქცეოდა იცით? სხვის დასანახავად ძალიან ნერვიულობდა…მატარა მთელი ქალაქი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გამაბითურა, რომ ალიბი შეექმნა”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა პროცესზე გამოკითხვისას.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, გამთენიისას, თემქაზე გოგო კორპუსის უკან, პატარა სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს. 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი იმავე დღეს დააკავეს.