თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ბრალდებებს დაბა სიონის განვითარების შეფერხებასთან დაკავშირებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შეჩერებულია არა თიანეთის განვითარება, არამედ ზაქარია ქუცნაშვილის მიერ ბიუჯეტის ძარცვა.
როგორც მეჭიაურმა განაცხადა, სიონის განაშენიანება 7 თვეში შეუძლებელია, მაგრამ არსებული ბიუჯეტის პირობებში რაც შესაძლებელია, კეთდება. ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსს” ავრცელებს.
„ჩვენ იმ ბიუჯეტით ვმუშაობთ, რომელიც მათმა საკრებულომ დაგვიმტკიცა. იქიდან გამომდინარე, რომ ქუცნაშვილის მიერ ფული კარგად იყო გახარჯული, ახლა გაგვიჭირდა მნიშვნელოვანი ძვრების განხორციელება“, – აცხადებს მეჭიაური.
მისივე თქმით, იგეგმება კიდევ არაერთი პროექტი, რომელსაც ახალი ხელისუფლების დამტკიცების შემდეგ განახორციელებს.
„გზების მოასფალტება წელს დაიწყო და მომავალ წელს დასრულდება. ეს სწორედ ამისთვისაა, რომ ტურისტული მიმართულება განვითარდეს. ასევე ვიწყებთ სიონის მიმართულებით ორი გზის, მათ შორის ცენტრალურის მოასფალტებას. თუ ამინდებმა ხელი შეგვიწყო, შეიძლება წლის დასრულებამდეც მოვრჩეთ. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ახმეტა-თიანეთის გზის მოასფალტებაც. ასევე, ჩრდილოეთ მიმართულებით 3 სერიოზული პროექტი მზადდება, რომლის მიხედვითაც მოასფალტდება ლაშარის, ჯიჯეთისა და ახალსოფლის მიმართულება. ეს არის მცირე ჩამონათვალი. რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმას, მზადდება სერიოზული დოკუმენტი, ველოდებით მთავრობის დამტკიცებას, რის შემდეგაც ეს დოკუმენტიც დამტკიცდება. ამის მერე კიდევ უფრო დაჩქარდება პროცესები“, – აცხადებს თამაზ მეჭიაური.
დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დაბა სიონის განვითარების პროექტის შეფერხებას თიანეთის მერ თამაზ მეჭიაურს უკავშირებს.