ცხინვალიდან დევნილის, ფიქრია მარუაშვილის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ მიცვალებულთა საფლავებს ცხინვალში მცხოვრები ოსური მოსახლეობა პატრონობს.
მისი განმარტებით, 10 წლის განმავლობაში ქართულ სოფლებში მცხოვრებთა ახლობლებისა და წინაპრების საფლავები მიტოვებული არ არის და მათ ცხინვალელები უვლიან. ამის შესახებ ფიქრია მარუაშვილმა ნინო ჩიბჩიურის საავტორო გადაცემაში ,,კავშირგაბმულობა” ისაუბრა.
“მე მყავს ნათესავები, ახლობლები ცხინვალში. ქალაქში სადაც ბავშვობა გავატარე. მათთან დღემდე კონტაქტობ. მოსახლეობის ახლობლები განისვენებენ, ცხინვალელი ოსები პერიოდულად მიდიან და უვლიან, ასუფთავებენ. ისინი შეიძლება მათი ნათესავებიც იყვნენ, თუმცა ყოველ შემთხვევაში, საფლავები 2008 წლის ომის შემდეგ განადგურებული არ არის და მათი კვალი არ წაშლილა, რასაც დევნილი მოსახლეობა შიშობდა. მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი ფოტოები, რომელიც სოციალურ ქსელში გამომიგზავნეს, როგორ არის დასუფთავებული და მოვლილი ქართული საფლავები ოკუპირებულ ტერიტორიაზე”,- აცხადებს ფიქრია მარუაშვილი.
ავტორი: ნოდარ სხირტლაძე