გაზეთი „კვირის პალიტრა“ იმ ადამიანების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას, ვინც შესაძლოა ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას დაემატოს.
სიაში მოხვედრის ერთ-ერთი კანდიდატია ცხინვალის ე.წ. მილიციის პოლკოვნიკი, „ომონელი“ აზიმრატ ჯიოევი, რომელიც მუდმივად ავიწროებდა ახალგორელ ქართველებს.
„გარდა ამისა, გიორგი ქაბულოვი კოკოითის ე.წ. პრეზიდენტობის წლებში „ომონის“ მეთაური გახლდათ და ქართველების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკისთვის ჯილდოც დაიმსახურა. „კვირის პალიტრის“ წყაროს ცნობით, ტატუნაშვილისა და უფრო ადრე დავით ბაშარულის მკვლელობა ე.წ. შს მინისტრის მოადგილის, გენერალ-მაიორ მერაბ ფუხაევის თანხმობის გარეშე არ მომხდარა. ის ასევე „ომონის“ მეთაური გახლდათ და არაერთხელ დაურბევია ქართველი მოსახლეობა“, – ნათქვამია გაზეთის ინფორმაციაში.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ სიას რამდენიმე ადამიანი დაემატება აფხაზეთიდანაც. კერძოდ, ერთ-ერთი მათგანია გარიკ სამანბა, რომელიც ომის დასრულების შემდეგ კონტროლის პალატის თანამშრომელი იყო.
„მასთან იყვნენ მისი თანამებრძოლელი ბესლან კვიწინია, ბესლან ტორჩუა და ზაურ ადლეიბა. ისინი წლების განმავლობაში ყველა „ხელძღვანელობას“ აყვედრიდნენ, რომ დიდი დამსახურება ჰქონდათ, ამიტომაც წლების განმავლობაში მაღალ თანამდებობებს ინარჩუნებდნენ. მოგვიანებით, ტორჩუამ ბიზნესი აირჩია… გარიკ სამანბა, რომელიც თვილდა, რომ აფხაზეთი მხოლოდ აფხაზებს ეკუთვნით, 1992-93 წლებში ომის მოტომსროლელთა ბრიგადას მეთაურობდა. აქვს აფხაზეთის ეროვნული გმირის წოდება. აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა ეთნოწმენდაში, მის სახელს უკაშირდება გაბელიას წამება, რომელიც ქართველ მეომრებს ეხმარებოდა, მალავდა დაჭრილებს… სამანბა 90-იანი წლების გალის მოვლენებშიც მონაწილეობდა. ქართველთა მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა აფხაზი საველე მეთაური ზაკან ნანბა (მოგვიანებით, ალექსანდრე ანქვაბის პირადი მრჩეველი იყო).
ქართველებზე მონადირე ერთ-ერთი დაჯგუფების წევრი და გადაწყვეტილების მიმღები პირი იყო ვიტალი სმირიც, რომლის სახელსაც უკავშირდება ომის პერიოდშიც და შემდგომაც ქართველის მიმართ არაადამიანური მოპყრობა. მათი დაჯგუფება ტყვიის დასაზოგად ცოცხალ ადამიანებს ჭაში ყრიდა. ვიტალი სმირი 90-იანი წლების მიწურულს გააქტიურდა – გალში ბიზნესწილების, კონკრეტულად კი ციტრუსის კონტროლის ხელში ჩაგდება სურდა. არაერთხელ დაუპირისპირდა ადგილობრივ „ხელმძღვანელობასაც“, საბოლოოდ, სმირი გავლენიანმა პიორებმა გააჩუმეს. კიდევ ერთი ვეტერანი ზაურ ადლეიბაა. აფხაზეთის ომში ბატალიონ „კასკადის“ მეთაური გახლდათ. 2005-2007 წლებში ოჩამჩირის ადმინისტრაციაში მუშაობდა და გალსა თუ ოჩამჩირეში ვითარების გაკონტროლებას ცდილობდა. აქტიურად მონაწილეობდა გალის მოვლენებში და მის სახელს ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი არაერთი დანაშაული უკავშირდება. აფხაზეთის ომის მონაწილე ლავრები მიქვაბია 2008 წელს გალის რაიონის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების კოორდინატორად მუშაობდა და ადმინისტრაციული საზღვრის კონტროლზეც მიუწვდებოდა ხელი. მიქვაბია ე.წ. საზღვრის დარღვევების გამო მუდმივად აჯარიმებდა, აპატიმრებდა და აწამებდა ქართველებს. მის სახელს უკავშირდება გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიიდან 50 ქართული ოჯახის გაძევებაც. 2008 წლის 15 ნოემბერს ქართულ-აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვართან ორმხრივი სროლის შედეგად შსს-ს თანამშრომელი, 33 წლის ზურაბ ჯეჯელავა დაიღუპა. აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ქართველ სამართალდამცველებს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა ისინი სოფელ ქალაღალის მიმართულებაზე პატრულირებდნენ… თვითმხილველის ინფორმაციით, მანქანიდან გადმოსულ ბარძაყში დაჭრილ ახალგაზრდას ახლო მანძილიდან თავში ესროლეს. თავდასხმას მიქვაბია მეთაურობდა. მასთან პრეტენზია ადგილობრივ ხელმძღვანელობასაც დაუგროვდა და მიქვაბია 2015 წელს „თავდაცვის მინისტრის მოადგილის“ პოსტიდან გაათავისუფლეს“, – ნათქვამია „კვირის პალიტრის“ სტატიაში.
სიას სავარაუდოდ დაემატებიან მამა-შვილი – ვიაჩესლავ და ახრა კვეკვესკირები.
„ვიაჩესლავ (სლავიკ) კვეკვესკირი აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დანიშნეს. გალის რაიონში ინტერესები მასაც ჰქონდა – 2010 წელს მისი გავლენით გალის #2 სკოლის დირექტორად მისი შვილი ახრა კვეკვესკირი დაინიშნა. ეს იქაური მოსახლეობის გაკონტროლების შესანიშნავი ბერკეტი იყო, მით უფრო, რომ ახალგაზრდა კვეკვესკირი ყოველგვარი ქართულის მიმართ ისეთი აგრესიული იყო, რომ ქართველ მოსწავლეებთან მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა. ეს ამბავი ისე გახმაურდა, რომ აფხაზმა ჟურნალისტმა ამრა ადლეიბამ სტატია მოამზადა, როგორ ავიწროებდა აფხაზი დირექტორი მოსწავლეებს და როგორ სძალავდა მათ მშობლებს სოლიდურ თანხებს სკოლის რემონტისთვის. ერთხელ ახრა კვეკვესკირს უფროსკლასელებმა სცემეს. მამა-შვილმა კვეკვესკირებმა 20-ზე მეტი მოსწავლე გალის მილიციაში დაასმინეს. ყველა მათგანი აღრიცხვაზე აიყვანეს, სლავიკი მათ მშობლებს დაემუქრა თუ გონს არ მოხვალთ, თქვენი შვილების პატიმრობისთვის მიზეზი ყოველთვის მოიძებნებაო. ახრა კვეკვესკირმა კი 2011 წელს გალალები გააფრთხილა, რომ ბუნტის განმეორების შემთხვევაში ქართული ენის სწავლება აიკრძალებოდა. ორი წლის შემდეგ იგი „დეპუტატი“ გახდა, 2015 წელს კი გალის სკოლებში ქართული ენის სწავლება აიკრძალა. მამა-შვილის შავ საქმეებში ჩართული იყო ოჩამჩირის ადმინისტრაციის უფროსი ბესლან ახუბა, რომელიც აფხაზეთის ომის მონაწილეა. ის დღემდე წილებს იღებს ადამიანების გატაცებიდან და ნარკობიზნესიდან. მისი გავლენა, ძირითადად, გალისა და ოჩამჩირის საზღვარზე არსებულ სოფლებზე ვრცელდება“, – წერს გაზეთი „კვირის პალიტრა“.