სუპერმარკეტების ქსელის „ნიკორას“ თანამშრომლები „იმედი დილის“ სიუჟეტში მძიმე სამუშაო პირობებზე საუბრობენ.
„ნიკორას“ 4 ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ ოფიციალურად მოლარე-კონსულტანტები იყვნენ, თუმცა დამატებით სხვა ფუნქციების შესრულებაც უწევდათ.
„ვალაგებდი საწყობს, სამზარეულოს, საპირფარეშოსაც. 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდი. გარდა ამისა, დაცვის ფუნქციასაც ვასრულებდი. მიწევდა მომხმარებლებს გავყოლოდი, რომ არაფერი მოეპარათ, რადგან იმის თანხასაც ჩვენ გვანაზღაურებინებდნენ. თუ ქურდობა ხდება კონსულტანტს ეწერება. ხელფასი 400 ლარია და გიწევს ამდენი საქმის შესრულება, დანაკარგების გადახდაც. მართლა უსამართლობაა”, – ჰყვება ერთ-ერთი თანამშრომელი.
„ნიკორას“ თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ ვადაგასული პროდუქციის შეძენაც უწევთ.
„ის კი არა, რომ დახლზე დევს ვადაგასული პროდუქტი და მომხმარებელს ვუქმნით საფრთხეს და მაგის გამო დაგვსაჯონ და გვაყიდინონ ვადაგასული პროდუქტი, არა, საწყობშიც რომ არის და ვადაგასულია, ისიც შენ უნდა იყიდო, იმიტომ რომ მომწოდებელი არ იბრუნებსო”, – ამბობს შორენა ლობჟანიძე.
„ნიკორას“ აღმასრულებელი დირექტორი დავით ურუშაძე სიუჟეტში ამბობს, რომ ისინი აკისრებენ თანამშრომლებს იმ პროდუქციის შეძენას, რომელიც დახლზე დევს და ვადაგასულია.
„ჩვენ ვაკისრებთ თანამშრომელს იმ პროდუქციის შეძენას, რომელიც დევს თაროზე და არის ვადაგასული. ის პროდუქტი, რომელიც იხსნება თაროდან და მიდის საწყობში მაგაზე თანამშრომელს არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით ჩვენი თანამშრომლები არიან სრულიად, მატერიალურად პასუხისგებელი ყველანაირ დანაკარგზე, დანაკარგების დიდ ნაწილს კომპანია იღებს თავის თავზე”, – ამბობს დავით ურუშაძე.
„ნიკორას“ თანამშრომლებს იურიდიულ დახმარებას დამოუკიდებელი პროფკავშირები „სოლიდარობის ქსელი“ უწევს.
„ამ ადამიანებს ხელშეკრულებაში უწერიათ პირდაპირ, რომ ზეგანაკვეთური შრომა მოუწევთ, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება შრომის კოდექსს. ზეგანაკვეთური სამუშაო უნდა შესრულდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. ის არ შეძლება იყოს ჩვეულებრივი სამუშო გრაფიკი, “- ამბობს სოლიდარობის ქსელის წევრი ნენე ჩარკვიანი.