ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რატომ ელოდებიან მშობლები შვილებს საგამოცდო ცენტრებთან?

მეთოთხმეტე წელია უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების მიზნით საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება. გამოცდების პირველივე წლიდან მოყოლებული აბიტურიენტებს გარეთ მშობლები და სხვა გულშემატკივრები ელოდებიან. მათ ეს ლოდინი არც თუ ისე კომფორტულ გარემოში უწევთ. ზაფხულის სიცხეში ფეხზე დგომა არაერთხელ გამხდარა მშობლების პროტესტის მიზეზი. არც ერთი შესაბამისი უწყება თუ სამსახური ამ საკითხის მოგვარებით აქამდე არ დაინტერესებულა, edu.aris.ge-მ ამ თემას სტატია მიუძღვნა.

წლევანდელი გამოცდის პირველ დღეს გლდანის 173-ე საჯარო სკოლაში განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის სტუმრობისას ერთ-ერთი აბიტურიენტის ბებიამ მას სკამების მიტანა სთხოვა, ვინაიდან, ძირს, არაადამიანურ პირობებში უწევდათ დალოდება. მინისტრის პასუხი იყო „მთავარია, აბიტურიენტებმა ჩააბარონ“! ამის მიუხედავად, გამოცდის მეორე დღეს გულშემატკივრებისთვის თბილისის თითქმის ყველა საგამოცდო ცენტრში სკამები მიიტანეს, როგორც აღმოჩნდა, გამგეობების ინიციატივით.

აბიტურიენტის ბებიის მოთხოვნას დიდი აჟიოტაჟი და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ზოგი ამბობდა, რომ 18 წლის ადამიანისთვის გამოცდაზე გაყოლა არაა საჭირო და ეს „მავნე ჩვევა“ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს და აღარც სკამების მიტანა იქნება საჭირო, ზოგი კი გამოცდაზე გასული შვილის გულშემატკივრობაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

„ბებიებმა, მშობლებმა და სანათესაომ როდემდე უნდა იარონ გამოცდებზე. ნეტა სხვაგანაც ასეა?“

„რატომ ასეთი კომენტარები? მხოლოდ სადაც საგამოცდო ცენტრია იმ ქალაქის ბავშვები არ აბარებენ გამოცდებს. სხვა რაიონებიდან ჩადიან. დილის შვიდ საათზე რომელი ტრანსპორტი მოძრაობს ისე, რომ არ დააგვიანდეთ… ასე რომ არც მარტივადაა საქმე …“

„ხალხნო, რა გჭირთ? ვისაც უნდა, ის გაყვეს, რა თქვენი გასარჩევია ეგ, მაგით რა შავდება? სურვილი აქვს „უბალელშჩიკოს“ თავის შვილია თუ შვილიშვილი და მაგით რა მოხდა მერე? მართალია, სკამები არ იყო და დადგეს. ესეც მისასალმებელია… ნუ განსჯით არაფრის გამო ადამიანებს!“

„ორი სტუდენტი მყავს და არც ერთს არ დავლოდებივარ ასე გარეთ. არც გავყოლილვარ გამოცდაზე. ეს ცოტა ზედმეტი მაზოხიზმი მგონია. თან ვერაფრით ვერ ეხმარები და აზრს ვერ ვხედავ, რატომ დგანან იქ.“

„ამ ელემენტარულ გამოცდაზე შესვლისას თუ ბავშვს გული მისდის და კაპლი სჭირდება, უფრო რთულ გამოცდებს როგორღა ჩააბარებს? დიახაც, ვფიქრობ, 18-19 წლის, ბავშვს აღარ ვიტყვი, მოზარდს უნდა შეეძლოს გამოცდაზე დამოუკიდებლად წასვლა“, – წერდნენ EDU.ARIS.GE-ს გვერდზე მომხმარებლები.

edu.aris.ge-ს კორესპონდენტი საგამოცდო ცენტრთან მომლოდინე მშობლებს ესაუბრნენ.

სულიკო კუცია: „ჩემი შვილიშვილი აბარებს. თვითონ მთხოვა, ახლოს ვყოფილიყავი მასთან. აღარ ნერვიულობს უფრო. ზოგს არ მიაჩნია საჭიროდ აქ დგომა. ყველას თავისი მოსაზრება აქვს ამასთან დაკავშირებით. ცოტა ძნელია ამის განსჯა. ადამიანები ვართ და ყველა ვაზროვნებთ სხვადასხვანაირად. ამის გამო ერთმანეთის გალანძღვა არ მიმაჩნია სწორად.

მეც ვიყავი 18 წლის. გამოცდა ჩავაბარე ისე, დედა არ გამომყოლია. ვისწავლე ისე, რომ დედას არ უნახავს, სად დავდიოდი. პიროვნებაზეც არის ეს დამოკიდებული. ზოგიერთი ბავშვი ისეთი დამოუკიდებელია, არ უნდა გვერდში დგომა. არიან ბავშვები, რომლებსაც გვერდში დგომა სტიმულს, იმედს აძლევს. თანადგომასა და გვერდში დგომაში ცუდი რა არის?“

იტვირთბა....