ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბავშვთა ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ ცოლ-ქმარს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ცოლ-ქმარს, რომელიც ბავშვთა ტრეფიკინგის ბრალდებით პოლიციამ დააკავა, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულების ადვოკატის მაია უსტიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავეები არ არიან.

„მე ვთვლი, რომ წარდგენილ ბრალდებაში ბრალი არ მიუძღვით. დღევანდელ დღეს გამოყენებული აქვთ კანონით მინიჭებული დუმილის უფლება. შესაბამისად, ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს დავამატებ, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არის ჯერჯერობით, გამოკვლეული მთელი რიგი მტკიცებულებები. საქმის მასალები სრულყოფილად არ მაქვს შესწავლილი“, – განაცხადა გუშინ მაია უსტიაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2 პირი დააკავეს.

„დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, 1957 წელს დაბადებული პ.მ. და მისი მეუღლე – 1959 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ცოლ-ქმარი უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა 2010 წელს დაბადებულ მცირეწლოვან ბავშვებს – ი.მ.-ს და ა. მ.-ს. კერძოდ, ისინი მუქარის გამოყენებით გოგონებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და თბილისში, პეკინის ქუჩაზე არსებულ შუქნიშნებთან, მეტროსადგურების შესასვლელებში, გადასასვლელებში და მეტროს მატარებლის ვაგონებში მოწყალების თხოვნის გზით თანხის შეგროვებას აიძულებდნენ. გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი მცირეწლოვანი ბავშვების მიერ მოწყალების შეგროვების პროცესს ა.მ. აკონტროლებდა. იგი გოგონებს მოწყალებით შეგროვილ ფულს ართმევდა და მეუღლეს – პ.მ.-ს აძლევდა. მოწყალების თხოვნის გაგრძელებაზე უარის შემთხვევაში პ.მ. გოგონებს ემუქრებოდა და უკანონო შრომას აიძულებდა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა-2 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ იძულებით, შანტაჟით ან მოტყუებით, ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს“, – განაცხადა ჭელიძემ.

იტვირთბა....