ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურების მონაცემებით, თბილისში დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები წერეთლის გამზირზე ფიქსირდება. აღნიშნულის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა მარინა არაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურები 4 წერტილშია განთავსებული: წერეთლის გამზირი, ყაზბეგის გამზირი, ვარკეთილი და ვაშლიჯვარი. მარინა არაბიძის თქმით, ვაშლიჯვარში ამ კუთხით ყველაზე კარგი მდგომარეობაა.
რაც შეეხება თამარ მეფის გამზირზე მიღებულ შედეგებს, სადაც შემოწმება დღეს ჩატარდა, ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელის, ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, აზოტის დიოქსიდი 1.3-ჯერ აღემატება ნორმას, რისი მიზეზიც ძირითადად ტრანსპორტია. მეგრელიშვილმა იმ მნიშვნელოვან ღონისძიებებზეც ისაუბრა, რაც ამ კუთხით უნდა გატარდეს.
„მობილური ავტომატური სადგურის შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მთავარი დამაბინძურებელი დედაქალაქში აზოტის ორჟანგია. საბედნიეროდ, სხვა დამაბინძურებლები ნორმაშია. ჩვენი ავტოპარკის ასაკისა და ტექნიკური გამართულობის პირობებში, სამწუხაროდ, ლოგიკური შედეგია. აუცილებელია ე.წ. ტექდათვალიერების სრულყოფილად ამოქმედება, ავტოპარკის გაახალგაზრდავება, უფრო სუფთა ტექნოლოგიების წახალისება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება და განვითარება, რათა კერძო ტრანსპორტის წილი შევამციროთ დედაქალაქში“, – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, აზოტის ორჟანგის ნორმა იზომება თუ არა ევროკავშირის სტანდარტებით, ნოე მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ ეროვნული და ევროკავშირის ნორმა თანხვედრაშია. „აზოტის ორჟანგის შემთხვევაში, ეროვნული და ევროკავშირის ნორმა თანხვედრაშია საბედნიეროდ. თუმცა, 1-ელი აგვისტოდან, სრულად გადადის ქვეყანა ევროპულ სტანდარტებზე ჰაერის ხარისხის კუთხით“, – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.
მან კიდევ ერთ დამაბინძურებელზე, გოგირდის დიოქსიდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საწვავში გოგირდის შემცველობის შემცირებამ ამ კუთხით კარგი შედეგი მოიტანა. „გოგირდის დიოქსიდი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნორმაზე გაცილებით უფრო დაბალია. ეს იმის შედეგია, რომ ქვეყანაში საწვავში გოგირდის შემცველობა 25-ჯერ შევამცირეთ. ესაა ნათელი მაგალითი იმისა, რომ კონკრეტულ ნაბიჯებს დადებითი შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.