თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, რომ ვერ დავუშვებთ, თვითნებურად მოხდეს ღია კაფეების მოწყობა, რომელთა დიდი ნაწილი ამახინჯებს ქალაქის იერსახეს და ფეხით გადაადგილება ხდება შეუძლებელი.
დედაქალაქის მერმა ზედამხედველობის სამსახურს დაავალა, ღია კაფეების მეპატრონეებს საბუთების მოწესრიგებისკენ მოუწოდონ.
“მინდა შევეხო მნიშვნელოვან საკითხს. ბოლო პერიოდში მედიით აქტიურად შუქდება ღია კაფე-ბარების თემა. მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ დედაქალაქის იერსახის შენარჩუნების მიზნით, მერიის ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს იმ ობიექტების შემოწმებას, რომლებსაც თვითნებურად აქვთ განთავსებული ღია ტიპის კაფე-ბარები.
ზედამხედველობის სამსახური მოუწოდებს მათ, მოაწესრიგონ დოკუმენტაცია და სათანადო ნებართვებისთვის მიმართონ მერიის ქონების მართვის სააგენტოს და არქიტექტურის სამსახურს. რასაკვირველია, ჩვენ ვერ დავუშვებთ, თვითნებურად მოხდეს ღია კაფეების მოწყობა, რომელთა დიდი ნაწილი ამახინჯებს ქალაქის იერსახეს და ფეხით გადაადგილება ხდება შეუძლებელი. მოვუწოდებ ზედამხედველობის სამსახურს, გქონდეთ აქტიური კომუნიკაცია, რომ მოაწესრიგონ ყველანაირი დოკუმენტაცია და წესრიგში მოიყვანონ იერსახე. ყველა ამ ქალაქის შვილები ვართ და ქალაქზე ვზრუნავთ. ყველაფერი უნდა იყოს კანონის და წესრიგის ფარგლებში”, – განაცხადა კალაძემ.