თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა დღეს ხორავას ქუჩის საქმის დროებით საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდა. შსს-ში განაცხადეს, რომ რომ სიგუა ავად გახდა. ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელებს.
“ავად გახდა ბატონი იოსები და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე იგი ვერ დაესწრება კომისიის სხდომას. თუ საჭიროდ ჩათვლის კომისია, ამის დამადასტურებელ დოკუმენტსაც წარვადგენთ”- განაცხადეს შსს-ში.
დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 3 თვის განმავლობაში იმუშავებს, პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით 6 ივნისს დაამტკიცა.
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უკვე დაკითხა დაღუპული მოზარდების მშობლები, ასევე, შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე გარკვეულია, რომ ხორავას ქუჩაზე კიდევ ერთი პირი დაიჭრა, ხოლო მიხეილ კალანდიას, რომელიც მისივე ჩვენებით, დაჭრილ სარალიძეს ურტყამდა, გამოძიება თანამონაწილედ არ მიიჩნევს. გარდა ამისა, თვითმხილველთა ნაწილი არ დაკითხეს და ქუჩის ვიდეოჩანაწერები დროულად არ ამოიღეს.
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ევროპულმა საქართველომ კომისიაზე წინასწარი რეკომენდაციები უკვე დააყენა – კერძოდ, მოითხოვა მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის, ხოლო მესამე დაჭრილის საქმეზე გამოძიების დაწყება. ამ ეტაპზე, ქართული ოცნების დეპუტატები ამ რეკომენდაციებს არ ეთანხმებიან, რის გამოც, დაღუპული არასრულწლოვნის მამამ ზაზა სარალიძემ შსს-სთან აქცია დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 2017 წლის 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე – სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს, მათგან სამი – დააკავეს. დაკავებულთაგან ერთერთი – შსს-ს თანამშრომელი იყო.
31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.
ამის შემდეგ, თბილისში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლის ორგანიზატორიც დაღუპული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე იყო. მისი თქმით, დავით სარალიძის მკვლელები დასჯილები არ არიან. ის დანაშაულის დაფარვაში ბრალს მიხეილ კალანდიას და მირზა სუბელიანს სდებდა.
აქციების შემდეგ, გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ხოლო საქმე პროკურატურისგან კლავ შსს-მ გადაიბარა. ამის შემდეგ, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს მირზა სუბელიანი, ხოლო პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უმრავლესობაშიც საპარლამენტო უმცირესობაა