დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები 2018 ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაიხსნა. გამოცდა 09:00 საათზე დაიწყო და აბიტურიენტები უკვე ტოვებენ საგამოცდო ცენტრებს. როგორც ცნობილია, გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 4% არ გამოცხადდა.
“დღეს უნდა გამოცხადებულიყო 9 ათას 35 აბიტურიენტი, სამწუხაროდ 4%, ცოტა მეტი არ გამოცხადდა გამოცდაზე, ისინი გამოეთიშებიან კონკურსს. ასევე გვაქვს დაგვიანების შემთხვევა 3 თბილისში და ერთი ქუთაისში ეს აბიტურიენტებიც ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას კონკურსში”- განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სოფო დოლიძემ.
წელს აბიტურიენტების დიდ ნაწილს გამოცდის ჩაბარება ისეთ დარბაზში უწევს, სადაც კონდიცირება არ ხდება, თუმცა ტესტირების პარალელურად ამ შენობების გაგრილების სისტემებით აღჭურვა დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. წელს სიცხის გამო გამოცდების განრიგი შეიცვალა. გამოცდების ჩაბარების წესში მცირე ცვლილებაც შევიდა. აბიტურიენტებს შარშანდელისგან განსხვავებით, გამოცდებზე საკუთარი კალმებით შეეძლოთ შესვლა.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები ამბობენ, რომ ტესტები მარტივია და კომფორტულ გარემოში მუშაობენ.