დღეიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, რომელიც 26 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ერთიანი ეროვნული გამოცდები ერთდროულად 22 საგამოცდო ცენტრში ტარდება. საგამოცდო ცენტრები გახსნილია ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავსა და თელავში. რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყება. აბიტურიენტები გამოცდაზე პირადობის მოწმობითა და საგამოცდო ბარათით უნდა გამოცხადდნენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრირებულია 39 000-მდე აბიტურიენტი.
აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო, ქართული ენისა და ლიტერატურის და ზოგადი უნარების გამოცდების განრიგი შეიცვალა. ქართული ენისა და ლიტერატურის 2 და 3 ივლისისათვის დაგეგმილი მეორე სესია ჩატარდება შესაბამისად 4 და 5 ივლისს, დილით. ანუ, აბიტურიენტები, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უნდა გამოცხადებულიყვნენ 2 ივლისს, 14:00 საათზე, ამ გამოცდას ჩააბარებენ იმავე საგამოცდო ცენტრში, 4 ივლისს, 08:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა – 09:00 საათზე).
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 3 ივლისს, 14:00 საათზე განაწილებული აბიტურიენტები გამოცდას ჩააბარებენ 5 ივლისს, 08:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა – 09:00 საათზე).
5 ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია ჩატარდება 7 ივლისს, ანალოგიური თანმიმდევრობით. ანუ, თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 08:00 საათზე, იგი ზოგადი უნარების გამოცდას 7 ივლისს, 08:00 საათზე ჩააბარებს (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა – 09:00 საათზე), ხოლო თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 14:00 საათზე, იგი გამოცდას ჩააბარებს 7 ივლისს 14:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 14:00 საათზე, გამოცდა 15:00 საათზე). 6 ივლისს გამოცდები უცვლელად ჩატარდება.
დანარჩენი დღეების განრიგი ასეთია:
9-10 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
9 – ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა;
10 – ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა;
10 – ივლისი (პირველი სესია) – გერმანული ენა;
13 – ივლისი (მეორე სესია) – მათემატიკა;
16 – ივლისი (პირველი და მეორე სესია) – გეოგრაფია;
17 – ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ისტორია;
19 – ივლისი (პირველი სესია) – ლიტერატურა;
20 – ივლისი (მეორე სესია) – ბიოლოგია;
23 – ივლისი (მეორე სესია) სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;
24 – ივლისი (პირველი სესია) – სამოქალაქო განათლება;
25 – ივლისი (პირველი სესია) – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
25 – ივლისი (პირველი სესია) – ქიმია;
26 – ივლისი (პირველი სესია) – ფიზიკა.