„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავდაცვისა და შს მინისტრებს პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ განცხადება პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გააკეთა.
„დადასტურდა ის, რასაც ექვსი წლის განმავლობაში ვამბობდით, რომ ყველა უწყებაში – თავდაცვის სამინისტრო, შსს და სხვა, რუსეთს თავისი ჯაშუშები ჰყავს, მათ კი ფულს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება უხდის. ქვეყანაში წამლად ვერ ნახავთ ტენდერს, რომელიც იფიციალურად ტარდება და ამ დროს ვხედავთ 21 ტენდერი როგორ მოიგო ჯაშუშმა, რომელმაც აღიარა, რომ არის ჯაშუში. მეტიც, გვახსოვს, რომ რუსეთმა მისი გაცვლა მოითხოვა. სასწრაფოდ უნდა ჩაინიშნოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის რიგგარეშე სხდომა, სადაც ოფიციალურად დავიბარებთ იზორიას და გახარიას. ასევე, პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხზე სასწრაფოდ უნდა მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა. სახელმწიფოებრიობის საფუძვლები არის მოშლილი და მთლიანადაა ჩამოშლილი თავდაცვისა და უშიშროების სისტემა“, – განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბიზნესმენმა პეტრე დევრიშაძემ და მისი ოჯახის ორმა კომპანიამ ბოლო სამ წელიწადში 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერი მოიგო. კომპანიები სახელმწიფო შეკვეთებს ძირითადად შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისგან იღებენ.
დევრიშაძე 2010 წელს „გრუ“-სთან თანამშრომლობის ბრალდებით დააპატიმრეს. ის ოპერაცია “ენვერის” დროს დაკავებული 13 პირიდან ერთადერთია, რომელმაც რუსულ სპეცსამსახურთან თანამშრომლობა აღიარა და საჯაროდ დღემდე არ უარუყვია. პეტრე დევრიშაძეს საპროცესო შეთანხმება 2011 წელს გაუფორმეს.