ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ მეექვსე წელია, რაც ჯანდაცვის მინისტრად ვმსახურობ და ამ პერიოდში არც ერთი ავტომობილი არ შეგვიძენია სამსახურეობრივი მოხმარებისთვის.
სერგეენკო გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ე.წ. შავი ჯიპების ავტოპარკის განახლების შესახებ.
“ავტოპარკის შემცირებას რაც შეეხება, მეექვსე წელია, რაც მე ჯანდაცვის მინისტრად ვმსახურობ, არც ერთი ავტომობილი არ ყოფილა ამ პერიოდში შეძენილი სამინისტროში, სამსახურეობრივი მოხმარებისთვის. ამის საპირწონედ კი გეტყვით, რომ შეძენილი იქნა 230 სპეციალური მოხმარების რეანომობილები. 6 წელია გვაქვს ის ავტოპარკი, რაც გვქონდა, არც ერთი ავტომობილი არ განახლებულა“, – განაცხადა სერგეენკომ.
დავით სერგეენკომ ასევე ისაუბრა სამინისტროების გაერთიანებაზე.
“დევნილთა სამინისტროდან სოციალური პილიტიკის შემუშავება, მხარდაჭერა, დახმარებების ადმინისტრირება გადმოდის ჯანდაცვის სამინისტროში. კითხვაზე, გაართულებს თუ არა ეს ყველაფერი ადმინისტრირებას, გიპასუხებთ, რომ არ გაართულებს, რადგან ამ ფუნქციის განმახორციელებელი ერთეულები ასევე გადმოდიან სამინისტროს შემადგენლობაში და ისინი ისევე გააგრძელებენ იმ საქმიანობას, რასაც აქამდე აკეთებდნენ. რაც შეეხება ხაჯების შემცირებას, შეიძლება ამაში მოაზრებული იყოს რამდენიმე მიმართულება – შემცირდება თანამშრომლების რაოდენობა, ან შემცირდება რაიმე სახის ხარჯები, ამ კონკრეტული გაერთიანების შემთხვევაში კი, ეს ორი მიმართულება არ არის დომინანტი. შეიძლება ერთეული პოზიციები შემცირდეს, ანუ ისინი, რაც დუბლირდება ადმინისტრაციულ სამსახურებში, ხოლო ფუნქციების განმახორციელებლები დიდი ალბათობით არ შემცირდება.
სამინისტროებში არის გარკვეული ფუნქციების განმახორციელებელი ერთეულები – დეპარტამენტები, სამმართველოები, ადმინისტრაციული სამსახურები. როდესაც ფუნქციები გაერთიანდება, კონკრეტული ფუნციების განმახორციელებელი დეპარტამენტი უცვლელად, ან მცირე ცვლილებით გადმოვა, ხოლო მაგალითისთვის ადმინისტრაციული, ფინანსური და ა.შ. დეპარტამენტების ხელმძღვანელების დუბლირება აღარ მოხდება. მაგალითად ორი მთავარი ეკონომისტი საჭირო არ არის“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ამასთან, მინისტრი არ ფიქრობს, რომ ცვლილების შედეგად რაიმე ინფრასტრუტურა გამოთავისუფლდება.
„ის ადამიანები, რომლებიც რაღაც საქმიანობას ახორციელებდნენ, ისევ გააგრძელებენ ამ საქმიანობას, უბრალოდ მათ სხვა დამქირავებელი ეყოლებათ, ამიტომ ინფრასტრუქტურულ დაზოგვებს არ ველოდებით“, – განაცხადა სერგეენკომ.