ქართველი მესაზღვრეები, რომლებიც რუსული მხარის მიერ იყვნენ დაკავებულები, გაათავისუფლეს. ამასთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და განმარტავს, რომ ეს შსს-ს აქტიური მუშაობის და მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, უმოკლეს ვადაში მოხდა.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ორი მესაზღვრე რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა დღეს, 12:00 საათზე გადმოსცეს.
“საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს 2 მესაზღვრე მიმდინარე წლის 27 ივნისს, მიღებული გეგმიური დავალების შესაბამისად, საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე გავიდა, დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად. გარკვეული დროის შემდეგ მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება. პარალელურად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიერ დადგინდა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტს დეტალურად გამოიკვლევს და ყველა საჭირო ღონისძიებას განახორციელებს“, – აცხადებს შს სამინისტრო.