მოწმე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობისას მანქანაში იჯდა და ხედავდა ყველაფერს, რაც მის წინ ხდებოდა, დეტალებზე არ საუბრობს – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ ისაუბრა.
კაპანაძის თქმით, აღნიშნულ თვითმხილველს სავარაუდოდ ჩვენების მიცემა კიდევ მოუწევს.
“დავკითხეთ მოწმე, რომელიც იჯდა მანქანაში და ხედავდა ყველაფერს, რაც მის წინ ხდებოდა. სავარაუდოდ, მას გაფართოებული კომისიის წინაშე ჩვენების მოცემა კიდევ მოუწევს. თვითმხილველი დეტალებზე არ საუბრობს, საამისოდ ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ახლა რაიმეს თქმისგან თავს შევიკავებ. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენი დასკვნები გვექნება. შეუძლებელია ადამიანს, რომლის წინ ასეთი დანაშაული ხდება, რამე არ დაენახა. თვითმხილველიც აღნიშნავს, რომ ამ ჩხუბში 20-25 ადამიანი მონაწილეობდა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.