ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

2017 წელს იუსტიციის საბჭოში წევრებისა და აპარატის მიერ მიღებულმა ანაზღაურებამ 2 255 219 ლარი შეადგინა

2017 წელს იუსტიციის საბჭოში წევრებისა და აპარატის მიერ მიღებულმა ანაზღაურებამ 2 255 219 ლარი შეადგინა. ამის შესახებ კვლევა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და საიამ ჩაატარა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, საბჭოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2017 წლის განმავლობაში საბჭოს არამოსამართლე წევრები ყოველთვიურად იღებდნენ 5 000–ლარიან ანაზღაურებას, რასაც წელიწადში ოთხჯერ ემატებოდა 5 000–ლარიანი პრემია.

რაც შეეხება მოსამართლე წევრებს, ისინი სამოსამართლო საქმიანობის შესრულებისთვის მიღებული ანაზღაურების გარდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ყოველთვიურად იღებდნენ 700–ლარიან დანამატს. ანგარიშის ავტორების განცხადებით, საბჭოს მოსამართლე წევრები სარგებლობენ მნიშვნელოვანი შეღავათებით საქმეთა ელექტრონული განაწილებისას და შესაბამისად, კოლეგა მოსამართლეებთან შედარებით გაცილებით ნაკლები რაოდენობის საქმეს განიხილავენ.

კვლევაში წარმოდგენილი მონაცემებით, 2017 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს თანამდებობრივი სარგო და პრემია არ მიუღიათ, დანამატმა კი 75 190 ლარი შეადგინა, არამოსამართლე წევრების თანამდებობრივმა სარგომ 2017 წელს ჯამურად – 346 667 ლარი შეადგინა, პრემიამ – 115 000 ლარი, დანამტი კი არამოსამართლე წევრებს არ მიუღიათ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატზე თანამდებობრივი სარგოს სახით 2017 წელს 1 156 697 ლარი გაიცა, გაცემული პრემიის რაოდენობა – 561 665 ლარია, აპარატის წევრებზე დანამატი გასული წლის განმავლობაში არ გაცემულა.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, საბჭოს ვებგვერდზე საბჭოს თანამდებობის პირებზე და სხვა თანამშრომლებზე ჯამურად გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია, თუმცა პრაქტიკულად, გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არ ჩანს საბჭოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მიერ მიღებული პრემიების, დანამატების ოდენობები.

იტვირთბა....