სამეგრელოში ორგანიზაცია შემოქმედთა გაერთიანება „აიას“ ინიციატივით, მეგრული ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ინფორმაციას “livepress.ge” ავრცელებს.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი მიმართვისა და მათგან უყურადღებობის შემდეგ გადავწყვიტეთ ხელმოწერების შეგროვება, – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ედემ იზორიამ.
„მოვითხოვთ, რომ ვაღიაროთ ენებად მეგრული, სვანური და ლაზური ენები. ჩვენი ბავშვები უკვე აღარ საუბრობენ მეგრულად, ეს იმას ნიშნავს, რომ მეგრული ენა კვდება. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი თაობის შემდეგ აღარავინ ილაპარაკებს მეგრულად, ამიტომ სასწრაფოდ არის ენა გადასარჩენი. მოვითხოვთ, რომ ჩვენს სკოლებში, მე – 6 კლასამდე განათლების მიღება ხდებოდეს მეგრულად, ხოლო მაღალ კლასებში იყოს მეგრული ენის საგანი. ჩვენ ამ მიზნით დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება, რამდენსაც შევაგროვებთ, გავაგზავნით პარლამენტში, ამის შემდეგაც თუ აღარ მოგვაქციეს ყურადღება, მასშტაბურ აქციებს გავმართავთ“, – განაცხადა ედემ იზორიამ.
მეგრული ენის გადარჩენის მოთხოვნით აქტივისტთა ჯგუფმა მიმდინარე წლის დასაწყისში მიმართა საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს და საპატრიარქოს.
ედემ იზორიამ გვითხრა, რომ საპატრიარქოში მიტანილი წერილი არ ჩაიბარეს. წერილის ავტორების სურვილი, სამეგრელოს ტერიტორიაზე მოქმედ ეკლესიებში მსახურების ქართულთან ერთად მეგრულ ენაზე აღვლენა იყო. მიზეზად განუმარტეს, რომ ეს თემა მათ არ ეხებათ.
რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციას, წერილის პასუხად მიიღეს, რომ ეს საკითხი მათი პრეროგატივა არ არის. სხვა უწყებებიდან კი, ედემ იზორიას თქმით, მიმართვაზე პასუხი არ მიუღიათ.
ხელისუფლებისა და საპატრიარქოსადმი გაგზავნილ მიმართვაში აქტივისტები ითხოვენ განათლების, სამედიცინო მომსახურების და სხვადასხვა სერვისის მიღების, ასევე საეკლესიო რიტუალების ჩატარების უფლებას როგორც ქართულ, ასევე მეგრულ ენაზე.