თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამშენებლო კომპანია “სვეტის” დაზარალებულებს ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა ექნებათ. თუმცა, როგორც კალაძემ აღნიშნა, მერია კერძო კომპანიის გარანტორი ვერ იქნება.
“სვეტის” მენაშენეებს დღეს ვხვდებით მერიაში, თუმცა ამ ადამიანებთან ყოველთვის გვქონდა კომუნიკაცია. ჩემი მოადგილე არაერთხელ შეხვდა დაზარალებულ პირებს და დღეს პირადად მეც შევხვდები ამ ადამიანებს”, – განაცხადა კალაძემ.
იქნება თუ არა მერია გარანტი, რომ მშენებლობა გაგრძელდება, კალაძემ უპასუხა:
“მერია გარანტი როგორ შეიძლება გახდეს კერძო კომპანიის?! ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით, რაც შეიძლება ჩვენი მხრიდან იყოს გასაკეთებელი, მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა იქნება. კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე და მათ შესაძლებლობებზე გამიჭირდება საუბარი. უფლებაც არა მაქვს ამაში ჩავერიო. არსებობს სხვა სამსახურები, რომლებმაც უნდა იმოქმედონ და გადაწყვეტილება მიიღონ თუ რაიმე პრობლემა არსებობს. ჩვენი მხრივ, მერიას რაც შეეხება, მზად ვართ ამ ადამიანებს მაქსიმალურად დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ.
გავეცნობი, რა კონკრეტული პრობლემები აქვთ, თუ ნებართვებია დასაჩქარებელი, ამ მიმართულებით ხელშეწყობა სჭირდებათ, მზად ვართ დახმარებისთვის”,- განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ დეველოპერული კომპანია „სვეტის“ კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის თებერვალში შეაჩერა. როგორც მერიაში აცხადებდნენ, მირცხულავას ქუჩაზე კორპუსების მშენებლობა შესაბამისი ნებართვის არარსებობის გამო შეჩერდა; ჭყონდიდელის ქუჩაზე კი, მშენებლობის შეჩერების მიზეზი პროექტთან შეუსაბამობა იყო.