უფლებადამცველი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ თეა წულუკიანი პირადი ურთიერთობებით ახერხებს სკამის შენარჩუნებას. ამის შესახებ ინფორმაციას “კვირის პალიტრა” ავრცელებს.
მისივე თქმით, გამსხვილებული ფუნქციების მქონე იუსტიციის სამინისტროს იდეა კარგია, თუმცა, თუ თეა წულუკიანი დარჩება მის ხელმძღვანელად, კრიზისი ციხეებშიც დაიწყება.
“განვითარებულ სახელმწიფოებში სასჯელაღსრულების სისტემა იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაშია. სასჯელი სასამართლო გადაწყვეტილების ორგანულ ნაწილად ითვლება, ამიტომ ლოგიკურია ამ ორი მიმართულების ერთობლივად მართვაზე საუბარი. “ნაცმოძრაობის” დროს ათასობით მსჯავრდადებულის მართვისთვის იუსტიციის სამინისტროსგან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკე სამინისტროდ გამოყოფა აუცილებელი გახდა.
ვფიქრობ, გამსხვილებული ფუნქციების მქონე იუსტიციის სამინისტროს იდეა კარგია, თუმცა, თუ თეა წულუკიანი დარჩება მის ხელმძღვანელად, კრიზისი ციხეებშიც დაიწყება, რაც უფრო კატასტროფულ შედეგამდე მიგვიყვანს.
როგორც ჩანს, თეა წულუკიანი პირადი ურთიერთობებით ახერხებს სკამის შენარჩუნებას, თუმცა უნდა თუ არა ამ ტვირთის ზიდვა მამუკა ბახტაძეს, ეს მალე გამოჩნდება”, – აცხადებს ლია მუხაშავრია.
უფლებადამცველის აზრით, “ქართულ ოცნებაში” არსებული კლანური დაპირისპირება მამუკა ბახტაძეს არ აძლევს შესაძლებლობას, მთავრობა კვალიფიციური კადრებით დააკომპლექტოს.
„დროებითი მთავრობის დამტკიცება, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ვფიქრობ, თეა წულუკიანთან ჭიდაობის შედეგია – “ქართულ ოცნებაში” არსებული კლანური დაპირისპირება მამუკა ბახტაძეს არ აძლევს შესაძლებლობას, მთავრობა კვალიფიციური კადრებით დააკომპლექტოს. არც წულუკიანის შანტაჟს გამოვრიცხავ, ის სკამის შესანარჩუნებლად ბევრ რამეზეა წამსვლელი. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ “ქართულ ოცნებას” საზოგადოების კრიჭაში ჩადგომა და ძალაუფლების დემონსტრირება სჩვევია – არ უნდათ აღიარონ, რომ წულუკიანი მათი შეცდომაა და სამოქალაქო მოთხოვნის საფუძველზე გადააყენონ, ამიტომ სხვა გზებს ეძებენ. გაოცებული ვარ მმართველი გუნდის შედარებით გონიერი წარმომადგენლების განცხადებებით, რომლებიც ამტკიცებენ, ქვეყანაში კრიზისი არ გვაქვს და სამთავრობო ცვლილებები სულ სხვა მიზეზით, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვითაა გამოწვეულიო. როდესაც გადაჯგუფების ეს პროცესი ჩაივლის, დავრწმუნდებით, რომ სტრუქტურული ცვლილებების შედეგი საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა ამჯერადაც არ იქნება“, – აღნიშნავს უფლებადამცველი.
ლია მუხაშავრია განმარტებით, „სანამ ერთ პირს შეუძლია ნებისმიერი თანამდებობის პირის ერთ დღეში გადაყენება, ოპტიმიზმის საფუძველი არ გვექნება და სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბარიც წინასაარჩევნო ტრიუკის ნაწილი იქნება“