პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გუნდში მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციაზე მსჯელობისას სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღებაზე საუბარი არ ყოფილა.
მისი განმარტებით, საუბარი იყო მინისტრის მოადგილის დონის გამოკვეთაზე და მათთვის კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრაზე. კობახიძის მტკიცებით, განხილვების დროს მთავრობაში რამე ახალი თანამდებობის შემოღებაზე საუბარი არ ყოფილა.
“ჩვენ გვქონდა ზოგადი დისკუსია. აქ არ იყო დისკუსია სახელმწიფო მდივანზე ან რამე კონკრეტულ თანამდებობაზე თუ რგოლის დამატებაზე. საუბარია იმაზე, რომ მსხვილი სამინისტროების პირობებში ხომ არ არის მიზანშეწონილი მეორე დონის, ეს არის მინისტრის მოადგილის დონის გამოკვეთა და მათთვის კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრა. ეს არის ზოგადი ინიციატივა, რომელზეც მსჯელობა გრძელდება”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მთავრობის სტრუქტურის შეცვლა, მინისტრისა და მოადგილეების მხრივ ამ ეტაპზე არ განიხილება. “ჩვენ ვრჩებით იმ სტრუქტურაში, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი მთავრობაში. ეს არის მინისტრი და მინისტრის მოადგილე. იქ რამე მოდიფიკაცია თუ განხორციელდება, ამაზე გუნდი იმსჯელებს და იქნება მიღებული გადაწყვეტილება. რამე დამატებითი რგოლის გაჩენაზე მთავრობის სტრუქტურაში საუბარი არაა. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად რაციონალური იყოს მთავრობაში სტრუქტურა და ამ პრინციპით ვიმოქმედოთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.