ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ივლისის პირველ კვირაში მოხდება, რის შემდეგაც უკვე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს წარუდგენს. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებით, მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეების გამოჩენაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც პარლამენტი მთავრობის შესახებ კანონში ცვლილებებს შეიტანს
“მთავრობაში ახალ სახეებზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. კონსულტაციები ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ სტრუქტურასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ჩვენ პირველ რიგში უნდა მივიღოთ კანონი, მთავრობის შესახებ კანონში ცვლილებები და მას შემდეგ, რაც ეს პროცესი დასრულდება და ეს მოხდება ივლისის პირველ კვირაში, სავარაუდოდ, ამის შემდეგ დაიწყება კონსულტაციები თვითონ მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით. ინივიატივა აქ რა თქმა უნდა თავად პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის. ის წარმოადგენს კონკრეტულ კანდიდატურებს და ამის შემდეგ გვექნება უკვე ჩვენ საპარლამენტო ფორმატში მსჯელობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.