დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მენაშენეებთან შეხვედრისთვის მზად არის. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. აღნიშნულის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები თაღლითურად მოქმედებდნენ.
თბილისის მერის ინფორმაციით, ასევე იკვეთება ფინანსური დარღვევებიც.
„მე მათთან შეხვედრის პრობლემას ვერ ვხედავ. ნებისმიერ დროს შეიძლება. ჩვენ ამ კომპანიას შევუჩერეთ ყველანაირი სამუშაოები. შემიძლია ვთქვა, რომ ამ კომპანიის წარმომადგენლები თაღლითურად მოქმედებდნენ. მათი მშენებლობების უმრავლესობა უნებართვო იყო. იყო პრობლემური მშენებლობები და ფინანსური პრობლემები“, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება დაზარალებულებთან შეხვედრას, თბილისის მერის თქმით, მისი ორგანიზება მომავალ კვირას შეიძლება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ დეველოპერული კომპანია „სვეტის“ კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის თებერვალში შეაჩერა. როგორც მერიაში აცხადებდნენ, მირცხულავას ქუჩაზე კორპუსების მშენებლობა შესაბამისი ნებართვის არარსებობის გამო შეჩერდა; ჭყონდიდელის ქუჩაზე კი, მშენებლობის შეჩერების მიზეზი პროექტთან შეუსაბამობა იყო.