ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ მირზა სუბელიანი მაქსიმალურად ეცადა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარის გამოძიება სხვა გზით წასულიყო.
„ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ შეიძლება არ წასულიყო გამოძიება სწორი მიმართულებით, ამ საქმეში მთავარი ფიგურანტი არის მირზა სუბელიანი, რომლის შვილის გამოც დაიწყო ეს ყველაფერი, რომლის შვილიც არის ორგანიზატორი ამ საქმის და რომლის შვილმაც შეკრიბა ეს ბავშვები, დაურეკა თავის დეიდაშვილს და სხვა პირებს.
ფაქტია, რომ რაღაც მუხლით მაინც არის დამნაშავე მირზა სუბელიანის შვილი, ეს იყოს თუნდაც ხულიგნობა ან ორგანიზატორობა. ამას დავუმატოთ ის, რომ საქმეში მირზა სუბელიანის ცოლის დისშვილი ერთვება.
მაქსიმალურად ეცადა მირზა სუბელიანი, რომ სხვა გზით წასულიყო ეს გამოძიება. ბატონი გიორგი გახარია რომ მიმტკიცებს დღეს, ჩემი უწყება გამოიძიებსო, მისმა უწყებამ პირველად დაიწყო ამ საქმის გაყალბება – ფარდული არასწორ დროს დაინგრა, ასევე არ იყო ამოღებული მიხეილ კალანდიას ტანსაცმელი. ამ დროს გამოძიება შსს-ს დაქვემდებარებაში იყო.
მირზა სუბელიანის ქმედება ამ საქმეში ძალიან დიდია და ამაში ეტაპობრივად დავრწმუნდი. გამოკითხულიც კი არ არის მირზა სუბელიანი. ის 6 თვის მერე დააკავეს, თუმცა ეს აქამდეც იცოდნენ და დღეს მიმტკიცებენ, რომ სწორად გამოიძიებენ საქმეს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
შეგახსენებთ, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის” 376-ე მუხლის თანახმად დააკავა და მას დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.