ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლომჯარია: “სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი გამოძიების მიერ დადგენილი არ არის”

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შესვლამდე განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი გამოძიების მიერ დადგენილი არ არის.

“სახალხო დამცველმა დაასრულა საგამოძიებო მასალების შესწავლა და დასკვნის სახით შემიძლია გითხრათ: სასამართლოს განაჩენმაც დაადასტურა გამოძიებაში ის ხარვეზები, რაზეც სახალხო დამცველი საუბრობდა. დღეის მდგომარეობით შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი გამოძიების მიერ დადგენილი არ არის. არის კითხვები, თუ რატომ მივედით აქამდე, რატომ არ არის გამოვლენილი ყველა პირი? – თავად გამოძიების მასალებითაც არაერთი კითხვის ნიშანი ჩნდება, თვალში საცემია გარემოებები, რომ კონკრეტული პიროვნებების მიმართ არ არის ჩატარებული ის აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც უნდა ჩატარებულიყო. ყურადღება არ აქვს მიქცეული გამოძიებას იმ აუცილებელ დეტალებზე, რომლებზეც მოწმეები თუნდაც ზოგადი სახით საუბრობდნენ. საერთო ჯამში, ვფიქრობთ, რომ გამოძიებამ ვერ ან არ შეძლო გამოევლინა მკვლელობაში დამნაშავე ყველა მონაწილე”, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

მისივე თქმით, გამოძიება უნდა გაგრძელდეს მკვლელობაში მონაწილე პირების დასადგენად და ასევე მეორე მიმართულება უნდა იყოს, ჩაერია თუ არა ვინმე კონკრეტული პიროვნება, რომ გამოძიებას რეალური მკვლელები არ დაედგინა.

იტვირთბა....