დღეს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც სისხლიანი გარჩევის დროს გარდაცვვლილი მოზარდების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებს და მათ ადვოკატებს მოუსმენენ.
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რომელიც 10:00 საათისთვის დაიშნა, ზაზა სარალიძეს, დავით დადუნაშვილს და მათ ადვოკატებს, ნესტან ლონდარიძესა და ხათუნა მაღლაკელიძეს ელიან.
კომისიის წევრი დეპუტატები ამ დრომდე განაგრძობენ საქმეში არსებული მასალების შესწავლას.
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დასაბარებელ პირთა სიაში არიან ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის უშუალო მონაწილეები, გამომძიებელ-პროკურორები, ექსპერტები, 51-ე საჯარო სკოლის ხელმძღვანელები, ასევე ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შს მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულიკიანი და სხვა პირები.