BBC-ის ინფორმაციით ლიონელ მესის ინდოელი გულშემატკივარი კლიფინ ფრანსისი რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად ველოსიპედით გაემგზავრა, მაგრამ გზად პრობლემები შეექმნა – საქართველოში მესაზღვრეებმა არ შემოუშვეს. ფრანსისის შესახებ BBC წერს.
არშემოშვების გამო, ფრანსისს პრობლემები შეექმნა. მას აზერბაიჯანში შესვლისას ერთჯერადი ვიზა მისცეს და ამიტომ უკან ვეღარ დაბრუნდებოდა. ინდოეელი გულშემატკივარი ორი ქვეყნის საზღვარზე გაიჭედა. საბოლოოდ, ფრანსისს ისევ აზერბაიჯანელები დაეხმარნენ, ხელახლა მისცეს ვიზა, ისიც უკან გაბრუნდა და რუსეთში დაღესტნის გავლით მოხვდა.
„ყველა დოკუმენტი მქონდა, მაგრამ საქართველოში რატო არ შემიშვეს ახლაც არ ვიცი. ამის გამო რთულ ვითარებაში აღმოვჩნდი, აზერბაიჯანში დაბრუნების ნებართვაც აღარ მქონდა, იქ მხოლოდ ერთჯერადი ვიზა მქონდა აღებული“, – ამბობს ინდოეთის მოქალაქე.
ფრანსისი თავდაპირველად დუბაიში ჩავიდა, იქიდან ირანში მოხვდა, სადაც, როგორც თავად BBC-თან ჰყვება, ყველა ეხმარებოდა. ფრანსის ირანში სასტუმროში დარჩენა თითქმის არც დასჭირვებია. „ველოსიპედით მოგზაურობა ნაკლებ მტკივნეული იყო საოცარი ირანელების გამო“, – ჰყვება ფრანსისი, მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ ირანელებს ბოლივუდიც ძალიან ჰყვარებიათ. „მართალია, როცა ამბობენ, რომ ფეხბურთი და ფილმები მსოფლიოს აერთიანებს“, – იხსენებს ინდოელი გულშემატკივარი.