ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კარასინი – რომ არ იყოს ჟენევის მოლაპარაკებები, სამ-ექვს თვეში განახლდებოდა საომარი მოქმედებები

დარწმუნებული ვარ, რომ არ იყოს ჟენევის მოლაპარაკებები, სამი თვის შემდეგ, ნახევარი წლის შემდეგ განახლდებოდა საომარი მოქმედებები, – ამის შესახებ “პირველ არხს” ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჟენევაში განუცხადა.

„10 წელი გადის არა ომიდან, არამედ საქართველოს აგრესიიდან. 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან ჩვენ შევძელით ამ მექანიზმის შექმნა, რომელსაც ჟენევის მოლაპარაკებები ჰქვია. პერიოდული შეხვედრები ემსახურება იმას, რომ თბილისის, ცხინვალის, სოხუმის წარმომადგენლებმა, რუსეთის, აშშ-ისა და თანათავმჯდომარეების თანდასწრებით განიხილონ, თუ როგორ დავალაგოთ ერთობლივი ცხოვრება და როგორ გავუგოთ ერთმანეთს. არის ურთიერთპრეტენზიები, ზოგი შეტევაზეა, ზოგი თავს იმართლებს. დღესაც ასე იყო“, – აღნიშნა კარასინმა.

მისი თქმით, მთავარია, რომ ხალხი ხვდება ერთმანეთს და „გადაუჭრელ პრობლემებს არ მარხავენ“.

„დარწმუნებული ვარ, რომ არ იყოს ჟენევის მოლაპარაკებები სამი თვის შემდეგ, ნახევარი წლის შემდეგ განახლდებოდა საომარი მოქმედებები. ამაში დარწმუნებული ვარ. ეს მექანიზმი აგრესიას გვაცილებს თავიდან. ჩვენ გვინდა, რომ ყველა პოზიტივზე და თანამშრომლობაზე იყოს ორიენტირებული. ხდება ტრაგედიები. ხდება ინციდენტები. დასკვნების გასაკეთებლად არსებობს ჟენევის მოლაპარაკებები. მოლაპარაკებების შედეგია მშვიდობა. მშვიდობა კი არა, უფრო სწორად, შეიარაღებული დაპირისპირების არარსებობა. რა თქმა უნდა, ამისთვის ბევრი მიზეზია. ხალხს სურს ნორმალურად ცხოვრება, მაგრამ სტატუსთან დაკავშირებული საკითხები ჯერ გადაუჭრელია“, – განაცხადა კარასინმა.

მისივე თქმით, ყველაზე რთულ საკითხებზეც კი საჭიროა ადამიანური საუბარი.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდი მიმდინარეობს.

იტვირთბა....