ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბახტაძე: “პედაგოგებს ხელფასი მხოლოდ საათების დამატების ხარჯზე გაეზრდებათ”

მომავალი სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში დამატებით 7 000 სერტიფიცირებული მასწავლებელი დაიწყებს საქმიანობას. ხელფასებზე საუბრისას კი მან განმარტა, რომ სერტიფიცირებულ მასწავლებელს 800-ლარიანი ხელფასი მხოლოდ საათების დამატების შემთხვევაში ექნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ ისაუბრა.

მამუკა ბახტაძის ამ კომენტარს წინ უძღოდა პარლამენტარის სერგო რატიანის კითხვა, რომელიც სერტიფიცირებული მასწავლებლების ხელფასს ეხებოდა. როგორც რატიანმა განმარტა, დღესდღეობით 58 ათასი მასწავლებლიდან სერტიფიცირებული მხოლოდ 16 ათასია, თუმცა, მათ შორის დაპირებული 800-ლარიანი ხელფასი მხოლოდ 5 ათასს აქვს.

რატიანმა ასევე განაცხადა, რომ “ამ უსამართლობის” აღმოსაფხვრელად 40 მლნ ლარია საჭირო და შეეკითხა ბახტაძეს, თუ აქვს მას პოლიტიკური მზაობა პრობლემა გადაჭრას.

როგორც პრემიერობის პასუხიდან ვიგებთ, მასწავლებლებს ხელფასები იმ შემთხვევაში გაეზრდებათ, თუ ისინი დამატებით  საათებს აიღებენ.

“მართლაც, ჩვენ გვყავს მასწავლებლების რაოდენობა, რომელსაც აქვს ნაკლები საათი. და რომ ჰქონდეთ სრული საათი, მიიღებენ გაზრდილ ანაზღაურებას. ჩვენ ყველა მასწავლებლებს შევთავაზებთ, რომ იმუშაონ იმ საათების რაოდენობით, რაც საჭიროა და დანარჩენი უკვე მათ ნებაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ყველას, ვისაც სურს სრული დატვირთვით იმუშაოს და მიიღოს გაზრდილი ანაზღაურება, ამის საშუალება ექნებათ. მინდა ისიც გითხრათ, რომ წელს იყო პირველი პრეცედენტი გარე დაკვირვების, შესაბამისად  ყველა ის მასწავლებელი, რომლებმაც ამ ფორმატში კომპეტენცია დაადასტურეს, შეიცვლის სტატუსს და მოემატება ხელფასი. ახალი წლიდან დამატებით 7 000 მასწავლებელი დაიწყებს ახალი სტატუსით საქმიანობას და მათი საერთო რაოდენობა გადააჭარბებს 25 ათას ადამიანს,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც დღეს 20 ივნისს გაიმართა.

იტვირთბა....