ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: პარკებში გარემოვაჭრეებისთვის ლამაზი ჯიხურები დაიდგმება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარკებში გარევაჭრობისთვის ჯიხურები დაიდგმება. მან თბილისის მთავრობის სხდომაზე პარკების ადმინისტრაციას და ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურებს აღნიშნული საკითხის მოგვარება დაავალა.

„პარკებში გარევაჭრობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ეს არიან ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს სოციალურად. ამ ადამიანების მიმართ ჩვენი თანადგომა არის მნიშვნელოვანი. მინდა დავავალო ჩვენი პარკების ადმინისტრაციას, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურებს, რომ ყველაფერი გააკეთონ და ამ ადამიანებს მიეცეთ ნორმალურად ვაჭრობის შესაძლებლობა.

პარკებში უნდა გამოიყოს კონკრეტული ადგილები, რომლებიც იქნება კეთილმოწყობილი იმისთვის, რომ ქაოტურად არ მოხდეს გარევაჭრობა, საუბარია არამალფუჭებად საქონელზე. დავდგათ ლამაზი ჯიხურები ამ პრობლემის მოგვარებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძის წინამორბედის, დავით ნარმანიას მერობის პერიოდში, გარემოვაჭრეების დახლები აიღეს და მერიაში აცხადებდნენ, რომ გარევაჭრობა ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა, რის გამოც ის ადგილები, სადაც გარემოვაჭრეები ვაჭრონდნენ, წყლით მორეცხეს.

იტვირთბა....