ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სუბელიანი: “განსაკუთრებით აღგვაშფოთა წულუკიანის ტყუილმა, თითქოს ჩვენ დავიწყეთ ფულზე ვაჭრობა”

რამაც განსაკუთრებით აღგვაშფოთა არის ის დიდი ტყუილი, რასაც იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ თითქოს ჩვენ დავიწყეთ ფულზე ვაჭრობა, – ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, ანა სუბელიანმა თეა წულუკიანის მიერ პარლამენტში გაკეთებული განცხადების საპასუხოდ აღნიშნა. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.

მისი თქმით, ოთხი წლის განმავლობაში, როდესაც სასამართლო დავა მიმდინარეობდა, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლო მხარეებს მორიგეას სთავაზობდა, რასაც ბრალდების მხარე თანხმდებოდა, ხოლო იუსტიციის სამინისტრო – არა.

„ეს ქალი არის სრულიად არაადეკვატური და სამარცხვინო. ამბობს, რომ თურმე სასამართლოს მოგების გამო უნდა გადავიხადოთ მადლობა და რა მაგარი რეფორმა განახორციელა. დიდი ბოდიში, მაგრამ ჩალის ფასი აქვს იმ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელსაც სახელმწიფო არ აღასრულებს. სამარცხვინო მიუთითებს იმ ფაქტებზე, რომ მე მემორიალზე ვცეკვავდი და არ მეცალა დოკუმენტების გასაცნობად. სამარცხვინო პასუხი გაგვცა. ერთი რამაც განსაკუთრებით აღგვაშფოთა არის ის დიდი ტყუილი, რასაც მინისტრი ამბობს, თითქოს ჩვენ დავიწყეთ ფულზე ვაჭრობა.

ოთხი წლის განმავლობაში, როცა სხვადასხვა სასმართლო ინსტანციაში საქმეს ვიგებდით, ორივე მხარეს გვთავაზობდნენ მორიგებას. ჩვენ ვიყავით თანახმა, იუსტიციის სამინისტრო იყო უარზე. მას შემდეგ, რაც სასამართლომ ჩვენი ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, მეორე მხარე აღსრულების მეშვეობით შეეცადა მოლაპარაკებას. აღდგენაზე უარს ამბობდა და განაცდურის გადახდას აპირებდა გადანაწილებით, რაც ჩვენთვის იყო შეურაცხმყოფელი. ჩვენ შევთავაზეთ, თუ თანამდებობაზე აღდგენა ობიექტური მიზეზების გამო არ ხდებოდა, მათ უნდა მოეძებნათ სხვა ტოლფასი თანამდებობა, გადაეხადათ კომპენსაცია ან მოეხადათ ოფიციალური ბოდიში, სადაც სამინისტროს სახელით აღიარებდნენ, რომ ჩვენი უფლებები შეილახა, ამაზეც თანახმა ვიყავით.

ამის შემდეგ, ბედავს ეს ქალი ამხელა ტყუილის თქმას. კიდე თუ გააგრძელებს მინისტრობას, ჩათვალეთ რომ სახელმწიფო არ გვაქვს. სასამართლოს ზედ უვლის, პროკურატურა ხელში ჰყავს“, – განაცხადა ანა სუბელიანმა.

რაც შეეხება იუსტიციის კიდევ ერთ ყოფილ თანამშრომელს, თამაზ ახობაძეს, მისი განცხადებით, ფულზე ვაჭრობაზე საუბარი არ ყოფილა, არამედ ითხოვენ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, რაც გულისხმობს თანამდებობაზე აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას.

„ვინაიდან აღდგენა რთულია და ამას ვაცნობიერებ, მოლაპარაკების ფაზაში შევთავაზეთ, რომ თუ ვერ აღგვადგენდა, ამის სანაცვლოდ კომპენსაცია მოეცათ და თუ კომპენსაციასაც ვერ გვაძლევდა, მაშინ სამინისტროს ბოდიში მოეხადა. ხალხო, უარს ბოდიშის მოხდაზე ამბობენ. წულუკიანი ამბობს, რომ ფულზე ვაჭრობენო. ბოდიშის მოხდა, ფული არ არის. ბოდიში რომ მოეხადათ, თქვენი უფლებები დავარღვიეთო, ეს ხომ ფული არ არის? რა ფულზეა საუბარი? ბრძოლას სამართლებრივად ვაგრძელებთ. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველოს ასეთი სამარცხვინო მინისტრი არ ჰყავდეს. თანახმა ვარ, რომ თუ იუსტიციის სამინისტრო ბოდიშს მომიხდის, აღდგენაზე უარი განვაცხადო. რა ფულზე ვაჭრობაზეა საუბარი“, – განაცხადა თამაზ ახობაძემ.

თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში განაცხადა, რომ სააღსრულებო ფურცლის შემოსვლისთანავე, ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე მიწვეული იყვნენ სააღსრულებო ბიუროში, სადაც მათ დაიწყეს ვაჭრობა ფულზე.

იუსტიციის მინისტრის ამ განცხადებას პროტესტი მოყვა ახობაძისა და სუბელიანის მხრიდან. მათ იუსტიციის მინისტრი ტყუილში დაადანაშაულეს. პარლამენტის მანდატურები იძულებული გახდნენ, სუბელიანი და ახობაძე დარბაზიდან გაეყვანათ.

რაც შეეხება სუბელიანისა და ახობაძის საქმეს, 31 იანვარს საია-მ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.

საია-ს ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 2014 წელს ცენტრიდან ორი თანამშრომლის, თამაზ ახობაძისა და ანა სუბელიანის გათავისუფლება უკანონოდ მოხდა და დაკმაყოფილდა მოთხოვნა აღნიშნული პირების თანამდებობებზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, რომელიც ორივე მათგანის შემთხვევაში, ჯამში დაახლოებით 150 ათას ლარს შეადგენს.

იტვირთბა....