ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი გიორგანაშვილმა სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრების პროცესი მიმდინარეობს, ბრალდებულმა “ბახალამ” სხდომა დატოვა.

მან პროცესის დაწყებისას მოსამართლეთა კოლეგიას სთხოვა, რომ განცხადებას გააკეთებდა. მისი თქმით, დღეს სასამართლო სისტემა ქვეყანაში სამართლიანი არ არის და ამაში პირველივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დარწმუნდა. აქედან გამომდინარე, ბრალდებულის თქმით, ვინაიდან მას სამართლიანობის იმედი არ აქვს დარბაზს ამ მოტივით ტოვებს.

გიორგი გიორგანაშვილის თქმით, საქართველოში ადამიანები სამართალს უკვე ქუჩაში დემონსტაციებით ეძებენ.

“რომელ სამართლიან სასამართლოზე ვლაპარაკობთ, როცა უარი მითხარით, მასალების გამოთხოვაზე იმ საფუძვლით, რომ გამოძიებას ხელი შეეშლებოდა. ადამიანებს უსამართლობა უბიძგებს, რომ ქუჩაში გადაინაცვლონ და სამართალი ეძებონ. პოლიციელის ჩვენებით, უდანაშაულო ადამიანის დამანაშავედ ცნობა ხდება. პირველივე პროცესზე გადამეწურა იმედი, როდესაც არც ერთი ჩვენი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილდა, ამიტომ ვტოვებ დარბაზს”, – განაცხადა გიორგანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს (ბახალა) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

იტვირთბა....