ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წულუკიანი: “ყოფილი ხელისუფლებიდან 100-ზე მეტი პირია მსჯავრდებული”

პარლამენტში იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს უსმენდნენ.

წულუკიანი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან 100-ზე მეტი პირია მსჯავრდებული, უფრო მეტი კი პასუხისგებაშია მიცემული. ინფორმაციას “იმედინიიუსი” ავრცელებს.

თეა წულუკიანის განცხადებით, მათ შორის არიან ყოფილი მინისტრები, ექსპრეზიდენტი, ციხის უფროსები და სხვა თანამდებობის პირები.

თეა წულუკიანმა პროკურატურაში შექმნილ სპეცდეპარტამენტის საქმიანობაზეც ილაპარაკა და თქვა, რომ ამ სამსახურში 8 პროკურორი მუშაობს, რაც საქმეების რაოდენობასთან შედარებით, მცირე რესურსია.

წულუკიანი აცხადებს, რომ მან პრემიერმინისტრობის კანდიდატს უთხრა, რომ დეპარტამენტის გასაძლიერებლად ფინანსური რესურსებია საჭირო, რათა მისი მუშაობა უფრო ეფექტური იყოს.

თეა წულუკიანის თქმით, ამ დეპარტამენტის მიერ საქმეების გადასინჯვის შედეგად მოქალაქეებს 45 მილიონის უძრავ-მოძრავი ქონება დაუბრუნდა. მათ შორის 80-მდე მანქანა და 26 ჰექტრამდე ნაკვეთები, 6 ბინა, 2 აგარაკი, 2 თვითმფრინავი, 13 შვეულმფრენი და 1 ღვინის ქარხანა, ასევე საოფისე და კომერციული ფართები.

4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის ზოგიერთ კანდიდატს მხარი უკვე დაუჭირეს. საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, მინისტრობის კანდიდატებს საპარლამენტო ფრაქციებში მოუსმენენ.

20 ივნისს ქუთაისში პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს.

ცნობილია, რომ მამუკა ბახტაძის კაბინეტიდან თავდაპირველად მხოლოდ ის მინისტრები მიდიან, რომლებმაც თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვეს. ესენი არიან: მიხეილ ჯანელიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი. ცვლილებების პირველ ეტაპზე მინისტრების მოვალეობას მოადგილეები შეასრულებენ.   ცვლილებების მეორე ეტაპი უფრო მასშტაბური იქნება და გუნდში ახალი სახეები გამოჩნდებიან.

მამუკა ბახტაძე 14 ივნისს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა 12 ივნისს დატოვა. ამის მიზეზად მან პარტიის თავმჯდომარესთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.

იტვირთბა....