პრემიერმინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სამინისტროების რაოდენობა მცირდება და საქართველოში 14-ის ნაცვლად 11 სამინისტრო იქნება. ის თუ რომელ სამინისტროებს შეეხებათ ცვლილებები, მამუკა ბახტაძე არ აკონკრეტებს, თუმცა “ქრონიკამ” წყაროებზე დაყრდნობით გარკვეული ინფორმაცია მოიპოვა.
“ქრონიკის” ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამინისტრო, დეპარტამენტის სახით, იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება. თუმცა ამ დრომდე უცნობია ვინ უხელმძღვანელებს გაერთიანებულ უწყებას. “ქრონიკის” ინფორმაციით, ამ უწყების ხელმძღვანელი შეიძლება თეა წულუკიანი არ იყოს.
“ქრონიკის” ცნობით, სავარაუდოდ, ორ ნაწილად დაიყოფა დევნილთა სამინისტრო, ფუნქციების ერთი ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს შეუერთდება, მეორე ნაწილი კი ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავა. გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეითავსებს ენერგეტიკულ თემებთან დაკავშირებულ საკითხებსაც. შეგახსენებთ, რომ წინა სტრუქტურული ცვლილების (2017 წლის დეკემბერი) შედეგად, ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდება.
“ქრონიკის” ინფორმაციით, წინა სტრუქტურული ცვლილებების დროს გაერთიანებული კულტურისა და სპორტის სამინისტრო ამჯერად უკვე განათლების სამინისტროს შეუერთდება.
სამთავრობო ცვლილებების შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის მცირე კამათიც მოხდა, რაც ცვლილებების განხილვის პროცედურებს უკავშირდებოდა.
პარლამენტის ბიუროს დღეს მთავრობის შემადგენლობა წარედგინა. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება 20 ივნისს იგეგმება.
დღესვე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის რამდენიმე უწყების გაერთიანებას გეგმავს. ახალი სტრუქტურა პარლამენტს, სავარაუდოდ, 2-3 კვირაში წარედგინება.