პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, “შენების მოძრაობის” დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ პარლამენტისთვის ტექნიკური მთავრობის წარდგენის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ იქნებ პარლამენტში მაინც ეყოს ვინმეს ცოდნაც, სახელმწიფოებრივი აზროვნებაც, მიდგომებიც და პრემიერობის ახალ კანდიდატს კარგად განუმარტონ, რა საქმეს კიდებს ხელს ეს კაცი, რა ჩარჩოებში უნდა ჩასვას თავისი თავიც და მთავრობაც, რა შემთხვევაში შეძლებს ქვეყნის ასე თუ ისე გაძღოლას.
უსუფაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა კონსტიტუციით იმართება და ის პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს მისი წინადადების გადახედვას ურჩევს.
“ასე სახაჭაპურეც კი არ იმართება, არათუ სახელმწიფო. თუ კიდევ რამე გამიკვირდებოდა ამ დღეებში, ნამდვილად არ მეგონა. იმიტომ, რომ საჭიროა სასწრაფოდ მთავრობას თუ დასახელებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ვინმემ კონსტიტუცია მიაწოდოს და კონსტიტუციას ჩახედონ და ყველა, ვინც ამაზე საუბრობს, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდნენ იმაზე, რომ ეს ქვეყანა იმართება კონსტიტუციით. რას ნიშნავს ცოტა ხანი დავამატკიცებთ და მერე სხვა რაღაცას გავაკეთებთ და მერე კიდევ დავამტკიცებთ?! თუ კანონი არ მიიღეს სტრუქტურული ცვლილებების შეცვლაზე, ან ახალი შემადგენლობა წარმოადგინეს, ასე „ჰაი-ჰარად“ წარმოდგენილი მთავრობა დარჩეს ქვეყანას? ეს ყოვლად წარმოუდგენელია, ხალხო. ნამდვილად არ მეგონა, ამ დღეებში კიდევ რამე თუ გამიკვირდებოდა. ერთადერთი იმედი ახლა პარლამენტზეა. იქნებ პარლამენტში მაინც ეყოს ვინმეს ცოდნაც, სახელმწიფოებრივი აზროვნებაც, მიდგომებიც და ახალ პრემიერს თუ პრემიერობის კანდიდატს კარგად განუმარტონ, რა საქმეს კიდებს ხელს ეს კაცი, რა ჩარჩოებში უნდა ჩასვას თავისი თავიც და მთავრობაც და რა შემთხვევაში შეძლებს ქვეყნის ასე თუ ისე გაძღოლას“, – ამბობს უსუფაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე პარლამენტს წინადადებით მიმართავს, მომდევნო ორი დღის განმავლობაში მთავრობის დამტკიცების პროცედურა მხოლოდ ფორმალურ რეჟიმში გაიაროს.
როგორც ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც სამთავრობო ცვლილებების ნაწილია, მოიცავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც კანონით დადგენილ ვადებში ვერ ესწრება და შესაბამისად, არსებული სამთავრობო შემადგენლობით დამტკიცდება მთავრობა იქამდე, სანამ სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტს პარლამენტი მიიღებს. ამასთან, როგორც ცნობილია, პარლამენტს უახლოეს სამ კვირაში წარედგინება სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობის შემადგენლობა.