ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის, ბუტა ანთაძის მკვლელობაში ბრალდებულმა ბესო კაციტაძემ მოსამართლეს მიმაფრთა – “ნასვამი ვიყავი… სამწუხარო ტრაგედია მოხდა, ვუსამძიმრებ ოჯახს. ავღელდი და დავარტყი, არ მინდოდა მისი მოკვლა, შეშინება მინდოდა”. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ბესო ტაკიძეს წლების განმავლობაში უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა პოლიციის უფროსის – ბუტა ანთაძის მიმართ. 2014 და 2015 წლებში ბესო ტაკიძე მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებს სამჯერ დაუკავებიათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო. სასამართლომ ბესო ტაკიძე ხულიგნობის ჩადენაში ორჯერ, ხოლო პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ერთხელ მიიჩნია სამართალდამრღვევად.
მკვლელობა ქობულეთი-მუხაესტატეს საავტომობილო გზაზე 15 ივნისს მოხდა, სადაც ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის მორიგი ხე გადაჰქონდათ.
“ის ხელს უშლიდა არაგაბარიტული ხის გადატანას. პოლიციელმა მას რამდენჯერმე მოუწოდა მისივე უსაფრთხოებისათვის გადასულიყო გზიდან და ხელი არ შეეშალა ტვირთის გადატანისთვის,” – აღნიშნა პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ.
პროკურატურის ვერსიით, ბრალდებული ნასვამი იყო და მან სამზარეულოს დანა ზურგიდან ჩაარტყა პოლიციელს. ბუტა ანთაძე ქობულეთის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
“ის ცდილობდა შემთხვევის ადგილიდან მიმალვას. მას უნდა შეეფარდოს პატიმრობა,” – დასძინა პროკურორმა.
“დანაშაული არაა იმ ვითარებაში ჩადენილი, როგორც ეს პროკურორმა წარმოადგინა,” – თქვა ადვოკატმა დალი იმნაიშვილმა. მისი თქმით, ბესო ტაკიძეს პოლიციელის მოკვლის წინასწარი განზრახვა არ ჰქონია.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის თქმით, ბუტა ანთაძემ მას უთხრა, შენ ბიჭო, კიდე აქ ხარო, შეაფურთხა სახეში და შეაგინა… ამის გამო მოიქცა ის დაუფიქრებლად, აღელდა,” – აღნიშნა ადვოკატმა.
ადვოკატ დალი იმნაიშვილის თქმით, გაყალბებულია ბრალდებულის ჩვენება, გარდა ამისა, მას წინასწარი დაკავების იზოლატორში არაადამიანურად მოეპყრნენ.
“ის სცემეს, ხელბორკილები ისე მოუჭირეს, რომ სისხლი სდიოდა, ტუალეტში გასვლის უფლებაც არ მისცეს…” – თქვა ადვოკატმა.
სავარაუდო არაადამიანური მიპყრობის შემთხვევას უკვე სწავლობს სახალხო დამცველი.
ბრალდებულმაც უთხრა მოსამართლეს, რომ ის პოლიციელებმა სცემეს.
“თავზე დავინახე დაზიანებები… შეგიძლიათ ხელები აჩვენოთ პროკურორს?” – მიმართა მოსამართლემ ბრალდებულს. მან გისოსებიდან ორივე ხელი აჩვენა პროკურორს.
“დანიშნულია ექსპერტიზა ამ კუთხით და ის დაადგენს ყველაფერს,” – აღნიშნა პროკურორმა.
ბესო ტაკიძეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო პროცესს პოლიციელები, ასევე გარდაცვლილის ახლობლები არ დასწრებიან. ბრალდებულის ახლობლებიდან მხოლოდ ედუარდ როინიძემ გააკეთა კომენტარი:
“დაპირისპირება იყო. ეს არის წლების ამბავი… ეს ბიჭები არ იყვნენ კრიმინალები, არ ვიცი, რა უნდოდა. ეს უკავშირდება მათ შორის რეზო ტაკიძეს, ვის გამოც საპროტესტო აქციები იმართებოდა ქობულეთში,” – გვითხრა მან.
რეზო ტაკიძე ბრალდებულ ბესო ტაკიძის ბიძაშვილია. მან 2015 წელს თქვა, რომ პოლიციელებმა, მათ შორის ბუტა ანთაძემ, პოლიციის განყოფილებაში ის ფიზიკურად შეურაცხყვეს.