საზოგადოება სამართალი

პრემიერის გადადგომის შემდეგ, უფლებამოსილება ყველა მინისტრს შეუწყდა

პრემიერ-მინისტრის გადადგომის გამო, უფლებამოსილება ყველა მინისტრს უწყდება.

საქართველოს პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება მოუწევს. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.

კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს.

კერძოდ, კონსტიტუციით, მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, უმრავლესობა პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარუდგენს, რომელსაც თავის მხრივ, პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 7 დღის ვადაში წარუდგენს.

მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შვიდი დღის ვადაში მინისტრთა კანდიდატურებს შეარჩევს, მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად პარლამენტს წარუდგენს. ამასთან, კონსტიტუციით, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს სამთავრობო პროგრამაც.

რაც შეეხება დამტკიცების პროცედურას, პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატები დარგების მიხედვით სამთავრობო პროგრამას საპარლამენტო კომიტეტებსა და ფრაქციებში წარადგენენ, რის შემდეგაც ისინი ნდობის მისაღებად პლენარულ სხდომაზე წარდგებიან.

პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარადგენს, თუმცა კითხვების შესაბამისად, პოლიტიკურ დებატებში ჩართვის უფლება მინისტრობის კანდიდატებსაც აქვთ. მთავრობას პარლამენტის ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

იტვირთბა....