ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კანდელაკს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

„ევროპული საქართველოს“ წევრს, გიორგი კანდელაკს, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

როგორც ხულორდავამ დღევანდელ სესიაზე განაცხადა, ტექსტი, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციაში აისახება, სწორედ საქართველოს ხელისუფლების უდიდესი დამსახურების შედეგია.

„ევროპარლამენტში გუშინ შედგა ძალიან მნიშვნელოვანი დებატები. რეზოლუციას ხვალ ეყრება კენჭი. ჩვენ მყარი მხარდაჭერა გვაქვს ევროპარლამენტის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. პირველი შემთხვევაა, რომ 2008 წლის შემდეგ ევროპარლამენტი ამ რეზოლუციას იღებს. ამას ადასტურებს ყველა პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა. ჩემი თავის მიკვირს, თუ რატომ მაოგნებს თქვენი მხრიდან ნათქვამი უტიფრობა. ისეთი რამ მოვისმინე, ვერ ვიქნები გულგრილი. ის თუ მოგწონთ, რაც ამ რეზოლუციის ტექსტშია, ეს არის ჩვენი დამსახურება და თქვენ თუ ეს არ იცით, ეს თქვენი პრობლემაა. კარგი კონტაქტები გაქვთ პარლამენტში და კარგად იცით ეს ყველაფერიც, მაგრამ მიზანმიმართულად ავრცელებთ ამ ინფორმაციას, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს“, – მიმართა კანდელაკს ხულორდავამ.

მისივე თქმით, რეზოლუციაში აისახა ძალიან მყარი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

„რუსეთი ცალსახად აღიარებულია როგორც ოკუპანტი ქვეყანა. დაგმობილია ის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ანხორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს ეხება ადამიანის უფლებების დარღვევას, მკვლელობებს, ოთხოზორიას და ტატუნაშვილის მკვლელობს, ეხება იმას, რომ ხდება ქართული სოფლების განადგურება, ქართული კვალის წაშლა და ა.შ.“, – აღნიშნა ხულორდავამ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, მმართველ გუნდს საერთოდ არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ევროპარლამენტს მხარი დაეჭირა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიისთვის.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაიწერა ოთხოზოარია-ტატუაშილის სიის საკითხი. ევროპარლამენტი მიესალმა საქართველოს პარლამენტის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღებას და მოუწოდა ევროკავშირს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომ მოახდინონ სიაში არსებული პიროვნებების ან იმ პიროვნებების, ვინც მომავალში შეიძლება იქნას შეტანილი სიაში, ინტეგრირება ევროკავშირის თუ ცალკეული სახელმწიფოების სანქციებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და რაოდენ სამწუხაროა, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სამწუხაროდ, მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“ და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები საერთოდ არ აქტიურობდნენ იმისთვის, რომ ევროპარლამენტს მხარი დაეჭირა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიისთვის. „ქართულ ოცნებას“ ფაქტობრივად, არაფერი გაუკეთებია ამისთვის“, – განაცხადა კანდელაკმა.

იტვირთბა....