დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მერმა განაცხადა, რომ გამონაბოლქვი სერიოზული პრობლემაა. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით, მერია აპირებს სატრანსპორტო პოლიტიკის წარდგენას.
კალაძის თვალსაზრისით, ჰაერს ყვითელი ავტობუსები, სამარშუტო ტაქსები და მათი გამონაბოლქვი სერიოზულად აბინძურებს. მერის თქმით, ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს და ძველი ავტომობილები ახლით ჩანაცვლდეს.
„ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ასევე მნიშვნელოვანია ტრანსპორტის თვალსაზრისით გარკვეული შეზღუდვები. მხედველობაში მაქვს გამონაბოლქვი, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. პირველ რიგში, ჩვენ ამ პროექტის განხორციელების ლოკომოტივი უნდა ვიყოთ. მხედველობაში მაქვს არსებული ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება, რომელიც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სერიოზული პრობლემაა ასევე ე.წ. მარშუტკები, მათი გამონაბოლქვი და ზოგადად ძველი ავტომობილები. ჩვენ უახლოეს დღეებში ვაპირებთ წარმოვადგინოთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, თუ რა უნდა გავაკეთოთ წლების მიხედვით, კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.