თბილისში ძლიერი წვიმის შემდეგ ზარალის დათვლა დაიწყო. მთელი ღამის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა უბნებში მოსახლეობა სტიქიას ებრძოდა. საჭირო გახდა ხალხის ევაკუაციაც.
ამაშუკელის 22 ნომრში სტიქიამ კორპუსის საძირკველი დააზიანა, რამაც მოსახლეობის ევაკუაცია გამოიწვია. ავტოფარეხი და კორპუსის მიმდებარე ტერიტორია. ადგილობრივების თქმით, ძლიერი წვიმის გამო სანიაღვრე არხმა წყალი ვერ გაატარა.
განსაკუთრებით დააზარალა გლდანი-ნაძალადევის რაიონი. დაიტბორა მიწისქვეშა გადასასვლელები, სავაჭრო ობიექტები და “ახმეტელის მეტროს” მიმდებარე ტერიტორია.
ამ დრომდე გარესამყაროსაა მოწყვეტილი სოფელი გიორგიწმინდა. უხვი ნალექის გამო რამდენიმე ხე წაიქცა და გზა ჩახერგა ვარკეთილშიც. მოძრაობა პარალიზებული იყო ჯავახეთის ქუჩიდან ვარკეთილის მეტროს მიმართულებით, რის გამოც წყალში ჩარჩენილი ავტომანქანებიდან მოსახლეობა მაშველებმა გამოიყვანეს.
უხვი ნალექის გამო, გადაიკეტა ახალი გზაც, რომელიც 13 ივნისს მომხდარი სტიქიის მთავარი ეპიცენტრი იყო. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, სადაც წყალში ჩარჩენილი ავტომანქანების გაყვანას საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა დედაქალაქის მერი.
ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების სამსახურს რეაგირება 153 შეტყობინებაზე მოუწია.