ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩერგოლეიშვილი, პატარაია და ა.შ. – ზვიად დევდარიანი 12 ქალს უჩივის

თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 პირის წინააღმდეგ  სარჩელი  ზვიად დევდარიანმა შეიტანა. დევდარიანი მათ ღირსებისა და პატივის შელახვას ედავება. ამის შესახებ ინფორმაციას  ლობერალი ავრცელებს.

აქამდე უცნობი იყო მათი ვინაობა, ვის წინააღმდეგაც დევდარიანი სარჩელს ამზადებდა. დევდარიანი ამჯერადაც მხოლოდ სარჩელის 8 ადრესატს ასახელებს. ხოლო 4-ის ვინაობის გამხელისგან, (მათი, ვინც დევდარიანს შევიწროებაში სდებს ბრალს, კონფიდენციალობის შენარჩუნების მოტივით), თავს იკავებს.

ხოლო ვისაც ასახელებს, ესენი არიან:

თამარ ჩერგოლეიშვილი

ბაია პატარაია

ნინო დანელია

თამარ ყურაშვილი

თამარ კაკაბაძე

იდა ბახტურიძე

ეკატერინე ონიანი

ამასთან ერთად დევდარიანი უჩივის ინტერნეტ გამოცემა ტაბულას​.

ზვიად დევდარიანის ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას თქმით, მის განცხადებას რომელიც ნინია კაკაბაძეს ეხებოდა, ინფორმაცია არასწორად გავრცელდა, ადვოკატი ამბობს, რომ ნინი კაკაბაძე დაკითხული იქნება როგორც მოწმე და არა როგორც მოპასუხე.

ადვოკატი სახალხო დამცველს მოუწოდებს დროულად დადოს დასკვნა ამ საქმეზე.

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ზვიად დევდარიანმა 3 აპრილს განაცხადა, რომ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. ადვოკატი შსს-სგან ზვიად დევდარიანის სასწრაფოდ გამოკითხვას ითხოვდა.

დევდარიანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, შსს-მ 2018 წლის 23 მარტს გამოძიება სსკ-ის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ადევნებას გულისხმობს.

დევდარიანის მიმართ სკანდალი იმ დროს აგორდა, როდესაც მისი კანდიდატურა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობაზე განიხილებოდა. ზვიად დევდარიანი მაშინ არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას” აღმასრულებელი დირექტორი იყო.

17 მარტს „ქალთა მოძრაობამ” გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარი იყო, რომ ზვიად დევდარიანი მხილებულია სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში. ამის შემდეგ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობაზე თავისი კანდიდატურა მოხსნა, მოგვიანებით კი ზვიად დევდარიანმა ორგანიზაცია „სიდა“ დატოვა.

ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მან ამ ფაქტების შესახებ არაფერი იცოდა.

18 მარტს ნინო ლომჯარია „ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენლებს და იმ პირებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობენ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადებები, რომლითაც სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე სათანადო რეაგირებას მოითხოვდნენ.

იტვირთბა....