ქუთაისის მერია ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“ზაზა სარალიძის ოჯახის ტრაგედიას და მწუხარებას ვიზიარებთ ყველა. ეს ამბავი ნებისმიერი ადამიანისთვის მძიმეა და არ გვეგულება ადამიანი, ვინც სარალიძეების ოჯახის ტრაგედიამ არ დაამწუხრა. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ხელისუფლების მხრიდან კეთდება მაქსიმუმი, რომ ამ საქმეზე პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს და მართლმსაჯულების სრულყოფილად აღსრულებაში, პირველ რიგში, დარწმუნდნენ გარდაცვლილი მოზარდების ოჯახები. ამ საქმის გამოძიების მიმართ ხელისუფლების მაღალ ინტერესს ადასტურებს ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა შსს-ს ეფექტური ქმედებების, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის და ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების ქმედებების ჩათვლით. რაც შეეხება ზაზა სარალიძის ბრალდებას ქუთაისის მერიის წინააღმდეგ, არცერთ ნაწილში სიმართლეს არ შეესაბამება“, – ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზაზა სარალიძის განცხადებით, მის მეუღლეს სუს-ის თანამშრომლები დაჰყვებიან. სარალიძემ სამართალდამცავ უწყებებს მიმართა, რომ მის ოჯახს არ გაეკარონ.
„მივმართავ ქუთაისის ადმინისტრაციას, რომლებიც პირდაპირ მიდიან და ჩემი ოჯახის წევრებს რაღაც მოთხოვნებს უყენებენ. ვაფრთხილებ ყველას, არ გაეკარონ ჩემი ოჯახის წევრებს. ჩემს მეუღლეს დაჰყვებიან სუს-ის თანამშრომლები ბაზარში, გარეთ, კარში, სირცხვილია, უბრალოდ, სირცხვილია. კაცები ხართ თუ ვინ ხართ?! ქალს რაღას დასდევთ? კაი, მე დამდევთ, მაგრამ ქალს რაღას დასდევთ, იქნებ რისი ყიდვა უნდა ქალს?! არ გრცხვენიათ? ან შვილები არ გყავთ, ან დედები? რა ჯანდაბაა, ვეღარ ვხვდები უკვე, რა უნდათ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.