დათო იყო თავაზიანი, წესიერი, საყვარელი ადამიანი და ამხელა სკოლაში არ არსებობს ადამიანი, ვინც დაადასტურებს, რომ დათო იყო ბულერი, – ამის შესახებ 51-ე სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე “1ტვ-თან” აცხადებს.
„მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ დათოს ამ საქციელზე კომენტარის გაკეთება მომიწევდა და ძალიან ვწუხვარ, რომ უფროსების არასწორ ინფორმაციაზე, აი, ასეთ განცხადებაზე კომენტარი უნდა გავაკეთოთ. დათო იყო თავაზიანი, წესიერი, საყვარელი ადამიანი და ამხელა სკოლაში არ არსებობს ადამიანი, ვინც დაადასტურებს, რომ დათო იყო ბულერი ან ჩაგრავდა ვინმეს. ის იყო კეთილი, რეპავდახოლმე დერეფნებში: „მე ვარ ბიჭი პოზიტივი“. იყო სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორი, მასთან არასოდეს ყოფილა ასეთი პრობლემა.
ვერ გეტყვით, რას ემსახურება ეს სიცრუე. ეს არასწორი განცხადებაა, რაც ცუდად გაჟღერდა. სკოლაში ვერც ვიფიქრებდით, რომ მსგავსი ტიპის განცხადებაზე მოგვიწევდა კომენტარის გაკეთება. მას უყვარდა სიცოცხლე, ყველა ღონისიძიებაში იყო ჩართული“, – განაცხადა თურქაძემ.
შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძემ 51-ე სკოლის დირექციას მიმართა და მოუწოდა მათ სიმართლე დაედგინათ მის შვილთან დაკავშირებით – მართლა ჩაგრავდა თუ არა დათო სარალიძე ბავშვებს.