9 000 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფა მაღალმთიან აჭარაში იწყება. პროექტს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია განახორციელებს.
როგორც მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ძალიან რთულ პირობებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, ასევე ხელი შეეწყობა ტურიზმს და მცირე ოჯახური ტიპის სასტუმროებს.
„გარდა ამისა, დაიზოგება ჩვენი ხე-ტყის ოქროს ფონდი, რომელიც არ უნდა იჩეხებოდეს იმისათვის, რომ ადამიანები ზამთარში თბილად იყვნენ, ამიტომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი. 2013-2017 წლებში საქართველოში მოხდა 262 ათასი ოჯახის გაზიფიცირება 815 დასახლებულ პუნქტში. მათ შორის არის ოკუპირებული ტერიტორიებთან მცხოვრები 13 459 ოჯახი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
აჭარაში გაზიფიცირების პროექტი უკვე ხორციელდება ხელვაჩაურის, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, რომელიც პირველ ეტაპზე 11 000 აბონენტის ბუნებრივი აირით მომარაგებას უზრუნველყოფს. სამუშაოები ვადაზე ადრე, 2018 წლის შემოდგომისთვის დასრულდება.
რაც შეეხება პროექტის მეორე ეტაპს, აჭარის მაღალმთიანეთში, ტექნიკური ხასიათის სირთულეებისა და მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივობის გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ სამხრეთ საქართველოში არსებულ გაზსადენის ქსელზე დაერთებით, კურორტ გოდერძის მიმართულებით აშენდება გაზსადენი, რომელიც მაღალმთიან აჭარას მოამარაგებს.