იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელი შემადგენლობის გადადგომის აუცილებლობას არ არის. ის გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას, რომ იუსტიციის მინისტრის თეა წულიკიანის გარდა, უნდა გადადგეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაც.
დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, საბჭოში, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა საკმაოდ ღირსეული წევრები არიან, ამიტომ პოსტების დატოვების აუცილებლობას ვერ ხედავს.
“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის გადადგომასთან დაკავშირებით ყველას შევახსენებ, რომ საბჭოს წევრები საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაციით არიან გამწესებულები თანამდებობაზე. მათი გადადგომის აუცილებლობას მე ვერ ვხედავ. გარწმუნებთ, საბჭოს მოსამართლე წევრებიც და ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, სხვა წევრები საკმაოდ ღირსეული ადამიანები არიან. სრულად აცნობიერებენ თავიანთ პასუხისმგებლობას სასამართლოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ ვერ ვხედავთ,ჯერ-ჯერობით, იმის აუცილებლობას, რომ თანამდებობები დავტოვოთ. ჩვენ, საბჭოს წევრები მივიჩნევთ, რომ უფლებამოსილებას ვანხორციელებთ კანონის შესაბამისად და ადამიანის უფლებათა დაცვით”, – განაცხადა გვრიტიშვილმა.