პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ძიუდოს ფედერაციაში კვლავ არიან ადამიანები, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილისა და მისი გუნდის პოზიციებს ატარებენ. შოთა ხაბარელი სპორტის სამინისტროს მოუწოდებს უმოკლეს დროში მოგვარდეს პრობლემა. ხაბარელი თვლის, რომ აუცილებელია შეიქმნას საორგანიზაციო კომიტეტი, რომლის შექმნიდან ერთ თვეში რიგგარეშე ყრილობა გაიმართება.
„ფაქტობრივად არაფერი არ შეცვლილა, წავიდა ქევხიშვილი, მაგრამ დარჩა იგივე ხალხი, ვინც ამ პროცესებს უწყობდა ხელს, უფრო უარეს ჭრილში გადავედით, უფრო რევანშისტული რაღაცეები ხდება, ეს უფრო ცუდ პროცესებამდე მიგვიყვანს. გამოსავალი აქ არის ერთი, რომ შესაბამისმა უწყებებმა მიიღონ გადაწყვეტილება, ამის ბერკეტი არსებობს,“- განაცხადა ხაბარელმა.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. 31 მაისს, გვიან ღამით, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მომთხოვნ სპორტსმენებს ცეცხლი გაუხსნეს ფედერაციის თანამშრომლებმა. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი და სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს. მათ შორის ლომერ ჟორჟოლიანი, რომელიც წლების განმავლობაში ფედერაციაში მაღალ თანამდებობას იკავებდა. ამჟამად კი საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი და დავით ქევხიშვილის მხარდამჭერია. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ ლომერ ჟორჟოლიანმა დაჭრა ქალაქის ცენტრალურ უბანში ვეტერანი ძიუდოისტი და ამ ფაქტს ათეულობით თვითმხილველი ჰყავდა. მათ შორის, პატრულის თანამშრომლებიც.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, კონფლიქტის დროს, ადგილზე იმყოფებოდა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილიც და მან სასწრაფოდ დატოვა ტერიტორია.